თვითმკვლელობის შემდეგ, დილით, გავიღვიძე….

14202532_1011268752323273_827284316579715464_n

საუზმე გავიმზადე და საწოლში მივირთვი. შემწვარ კვერცხს დავამატე მარილი და  პილპილი, ტოსტის პურით, ყველითა და ბეკონით გავაკეთე სენდვიჩი. გრეიფრუტის წვენი ჭიქაში ჩავისხი. ჩამქრალი ღუმელიდან ნაცარი გამოვფხიკე და საკარაქე წყალში გავავლე. დავრეცხე ჭურჭელი და დავკეცე პირსახოცები.

თვითმკვლელობის შემდეგ, დილით, ვიგრძენი სიყვარული. შემიყვარდა არა ქვედა ქუჩელი ბიჭი ან საშუალო სკოლის მოსწავლე, ყოველდღიურად მორბენალი ან სურსათის გამყიდველი, რომელიც ავოკადოს ჩანთაში ჩადება ყოველთვის ავიწყდება, არამედ  დედაჩემი და ის მომენტი, როდესაც ის ჯდება ჩემი სახლის იატაკზე, იღებს თითოეულ ქვას ჩემი კოლექციიდან, რომლებიც მის ნაჩუქარ პალმის ძირში მშვიდად, სიბნელეში მილაგია. მე შემიყვარდა მამაჩემი და ის მომენტი, როდესაც მან მდინარის პირას ჩემი დღიური ბოთლში ჩადო და დინებას გაატანა. ვიგრძენი სიყვარული ჩემი ძმის მიმართ, რომელსაც ერთ დროს სჯეროდა მითიური მარტორქების, თუმცა ახლა ზის სკოლის მერხთან და კვლავ ცდილობს სჯეროდეს ამის.

თვითმკვლელობის შემდეგ, დილით, გავასეირნე ძაღლი. მე თვალს ვადევნებდი როგორ მიიქნევდა კუდს გზაში და როგორ აუჩქარა  ტემპს კატის დანახვისას. მე დავინახე სიცარიელე მის თვალებში, როდესაც ის მიწვდა მისთვის გადაგდებულ ჯოხს და  კვლავ სათამაშოდ მობრუნებულს ჩემს ადგილზე მხოლოდ სიცარიელე დახვდა. მე იქვე ვიდექი, როდესაც უცნობი მოეფერა დინგზე და მან სასიამოვნო მზერა აჩუქა, სწორედ ისე, როგორც ერთ დროს მაშინ, როცა მე მეკუთნოდა.

თვითმკვლელობის შემდეგ, დილით, ვესტუმრე მეზობლის ეზოს, სადაც  ჩემი ფეხის ანაბეჭდი იყო, კონკრეტულად კი ორი წლის ასაკში დატოვებული და ვნახე, თუ როგორ გაფერმკრთალებულა. დავკრიფე რამდენიმე შროშანი, მოვგლიჯე ცოტა სარეველა და გავხედე ფანჯრის წინ მჯდომ მოხუც ქალბატონს, რომელიც გაზეთში ჩემი სიკვდილის შესახებ სტატიას კითხულობდა, ვხედავდი მის ქმარს, რომელიც სამზარეულოს გამწოვთან სიგარეტს ეწეოდა და თან თავის ყოველდღიურ წამლების აბებს სვამდა.

თვითმკვლელობის შემდეგ, დილით, ვნახე როგორ ამოდიოდა მზე, თუ როგორ გაიშალენ ფორთოხლის ხეები, როგორც ხელები და ქვედა ქუჩაზე ბავშვი დედას  უჩვენებდა ცაზე მოცურავე ერთადერთ წითელ ღრუბელს.

თვითმკვლელობის შემდეგ, დილით, დავუბრუნდი ჩემს სხეულს მორგში და ისინი ცდილობდნენ დალაპარაკებოდნენ რაიმე გრძნობას ჩემში. მე მოვუყევი მათ ავოკადოებსა და ფეხის ანაბეჭდებზე, მდინარესა და  მშობლებზე, მზის ამოსვლის, ძაღლისა და სანაპიროს შესახებ.

თვითმკვლელობის შემდეგ, დილით, მე ვეცადე არ მომეკლა თავი, მაგრამ ვერ შევძელი დამესრულებინა ის, რაც  დავიწყე….

მეგი როიერი

ადიგენის ქრონიკები

 

კვირა დღეა, საშინლად ცხელა,ისევ. ჰაერი არ მყოფნის, მძიმედ ვსუნთქავ, ყოველ ხუთ წუთში აბაზანაში შევდივარ, სახეზე წყალს ვისხამ, ცოტახნით მშველის… მერე ისევ მდივანზე ვწვები, მუცელზე ლეპტოპი მიდევს, მთელი დღეა facebook -ის wall- ს ვათვალიერებ, სიცხისგან არეულ ტვინზე უფრო მეტად მოქმედებს სოციალურ ქსელში არსებული კოშმარი. აღარ ვიცი რით გავიყვანო ეს ბლანტად მდინარე დრო, ვერ ვიტან უქმეებს ქალაქში, მითუმეტეს ასეთ საშინელ სიცხეში. ლეპტოპის სიმხურვალე უარესად მწვავს,გადავდე გვერდით და წიგნის კითხვას შევუდექი, “დეიდა ხულია” -ასე ჰქვია წიგნს, მეორედ ვკითხულობ, პირველად რაღაც გულისყურით ვერ წავიკითხე და ისეთი შეგრძნება დამრჩა თითქოს მთავარი რაღაცები გამომრჩა და მათ საპოვნად მეორედ დავიწყე მისი კითხვა. თუმცა დიდხანს ვერც გავაგრძელე. სიცხე იყო მიზეზი, თუ სხვა რამ არ ვიცი, მაგრამ რაღაც ვერ ვიყავი კარგად, ვიღრინებოდი, ცუდი რაღაცები მივწერე მეგობრებს, უაზროდ, ისინი არ იმსახურებდნენ ამას ჩემგან, ამიტომ მივხვდი, საკუთარი თავის იზოლირება იყო საჭირო, მერე გარკვვევა რა მჭირდა და შემდეგ დავბრუნდებოდი სოციუმში. ამ დროს გამახსენდა, რომ ჩემი ბიძაშვილები ბაბუასთან ადიგენში იყვნენ და მივწერე. დავითმა მითხრა, რომ ჩავსულიყავი, თან მისი სამი მეგობარიც იქ იყო, თავიდან თავის შეკავებას ვფიქრობდი, ამდენ ხალხში ყოფნა არ მინდოდა…ხანდახან უაზროდ ვკარგავ კონტროლს და იმას ვაკეთებ რაც ძალიან არ მინდა, მაგრამ ასე გამოდის ხოლმე, თუმცა გადავწყვიტე დავითისთვის დამეჯერებინა და ბოლო მარშრუტკისთვის, რომელიც ოთხის ნახევარზე დიდუბიდან გადიოდა, მიმესწრო. სამს ოცი წუთი აკლდა მზადება დავიწყე, ჩანთაში ვყრიდი ყველაფერს, რაც ხელში მხვდებოდა, 10 წუთში მზად ვიყავი მეტროთი წავედი დიდუბემდე და წუთიწუთზე მივუსწარი,მძღოლმაა ზურგჩანთით რო დამინახა, მაშინვევ რუსულად დამიწყო საუბარი :/ რა სამწუხაროა, სლავური გარეგნობა გაქვსო, ასე მითხრა :/  მოკლედ როგორც იქნა დაიძრა მარშრუტკა. ძალიან მაგარი ამბები ხდება ხოლმე ასეთ მარშრუტკებში: ორი ქალი დასასვენებლად მიდიოდა ბორჯომში, ეტყობოდათ “შვილები უკვე პატრონს ჩააბარეს” და ახლა შეეძლოთ დასვენების უფლება მიეცათ თავისთვის, გზაში  მილიონჯერ დაურეკეს შვილებმა, აბა სადა ხართ, როგორ მგზავრობთო, მე მეკითხებოდნენ “სადა ვართ შვილი ახლა?” “ეს რა მდინარეა?” “ბორჯომში რო შევალთ ხო გვეტყვი?” ერთი კაცი იყო კიდე, სავარაუდოდ თურქი, პუტკუნა იყო ვერსად ეტეოდა და საშინლად მძიმე ჩანთა ჰქონდა, ყველა სკამი მოიარა, ვერ მოკალათდა ვერსად. წინ დედა და პატარა ბავშვი ისხდნენ, უკან კი ამ ბავშვის პაპა, ამ კაცს ჩაეძინა და თავს აქეთ -იქით აკანტურებდა, შვილიშვილი კი ამაზე გუულიანად იცინოდა. ჩემი ჩანთა სულ უკან სკამზე იდო, ახალციხეში ამოსული კაცი მიუჯდა და ხელით სინჯავდა,მაგარი “იმპორტული” ჩანთაა ეტყობაო, იძახდა :))(ქეჩუას 65 ლიტრიანი სალაშქრო ჩანთაა), ახალციხეს რომ გავცდით მალევე დაიწყო უასფალტო და მოხრეშილი გზა, გოდერძის უღელტეხილისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია დაუწყიათ და პარალელურად, ზეკარის უღელტეხილის გზასაც აპირებენ თურმე, კარგია…. გამიხარდა, იქნებ ეშველოს ამ მხარეს რამე.

დავითს დავურეკე მალე ვიქნები ადიგენში-თქო, კაი დაგხვდბითო. ჩანთის აღება მინდოდა წინასწარ, გავემზადე ჩასასვლელად, ჩემს ჩანთას რომ აკვირდებოდა ის კაცი ჩანთას მაწვდის და ერთ-ორ სიტყვას დამტვრეული ინგლისურით მეუბნება, გამეცინა, ვუთხარი “ინგლისურად კი კარგად საუბრობთ, მაგრამ მე ქართულად მირჩევნია-თქო” შემოირტყა კაცმა ხელი,”უი ბოდიში შვილი, ამერიკელი მეგონეო, really?! მძღოლმა სლავური გარეგნობაო, ამან ამერიკელიო :)))

ბავშვები სიხარულით შემეგებენ და მათ იგივე “კომპლიმენტი” მითხრეს, რომ უცხოელს ვგავარ და ვერ წარმოიდგენდნენ დავითის ბიძაშვილი თუ ვიქნებოდი 🙂 ასე ბარგ აკიდებული წავედით უზღვავი ლუდი და სასუნავები ვიყიდეთ, მივედით კაკლის ხეზე გაკეთებულ ძალიან მაგარ კოტეჯში და ჩემი დახვედრის ცერემონია ლუდში ჩახრჩობით ავღნიშნეთ ^_^ მეორე დღის გეგმა იყო შოშხოთში ასვლა, კაი ღვინის და მწვადების დაგემოვნება.

ჩასვლის დღეს იაშა ბაბუ ვერ ვნახე, გვიან მივედი სახლში, ეძინა, მეორე დღეს დილით ჩვეული ხალისით მითხრა ” ოჰჰ თამარ თმები გაგზრდია, ეტყობა მაგიტო ვერ გიცანი რომ მოხვედიო.”

რაღაცნაირად თბილი ხალხია ეს ადიგენელები. პატარა, ყველასგან მივიწყებული რაიონია, ტურისტული პოტენციალით, მაგრამ როგორც უმეტესი რრაიონი, ესეც ასამუშავებელია. არაფერი ავიწყდებათ, გულით მოგიკითხავენ, უგემრიელეს ხააჭაპურებს დაგიცხობენ. ცოტა აქვთ, მაგრამ რაც აქვთ არაფერს დაიშურებენ, თავს შეგაყვარებენ, გულში ჩაგიხუტებენ, არაფერი აქვთ დასამალი, გულწრფელები არიან. ჰოდა ასეთი ხალხის შემხედვარე, გუნებაც პოზიტიურობისკენ გეხრება, მხიარულდები  და ნელ-ნელა გრძნობ უკეთესობას. სახლში სრული დემოკრატია დავამყარე როგორც კი ჩავედი. ყველა ზრუნავს თავისი კომფორტისთვის, არავინაა ვალდებული სხვის მაგივრად დარეცხოს, აალაგოს საწოლები,გააკეთოს საჭმელი. ვიყავით ასე სიამტკბილობაში, მთელი დღე ხან ჰამაკში ვნებივრობდი, ხან ჩემს ოთახში წიგნს ვკითხულობდი, ხან ქართველი ოლიმპიელების ჭიდაობებს ვადევნებდი თვალს, მათთან ერთად ვხარობდი, ვტიროდი. ხან უშბაზე მიმავალი, ძალიან მაგარი ბიჭების ამბებს ვკითხულობდი. მერე ჩვენს ულამაზეს ეზოში ვსეირნობდი და კიდევ ერთხელ ვგრძნობდი აღფრთოვანებას იაშა ბაბუს მიმართ, ეს ადამიანი ჩემს თვალში არის გმირი, არც კი ვიცი, შევძლებდი თუ არა მასავეთ ძლიერი ვყოფილიყავი და ამდენი პოზიტივი შემენარჩუნებია. მას ისეთივე არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავდა, როგორც თვითონაა, მისი თმასავით ქათქათა სულით, ძალიან თბილი,მზრუნველი, ყველაზე თანგადაყოლილი, მაგარი ქალი, ოჯახის დედაბოძი და დარწმუნებული ვარ იაშა ბაბუს სული და გული, ეს ორი ადამიანი ისეთ მთლიანობას ქმნიდნენ, თითქოს ერთმანეთისთვის იყვნენ გაჩენილი. ბავშვობაში, მახსოვს ახალი წლისთვის ჩამოდიოდნენ კახეთში, იაშა ბაბუ მაღალი, მხრებგანიერი, ერთიშეხედვით მკაცრი იერსახისაა, თამრიკო ბებო მომცრო ტანის, ტკბილი ხმით მოსაუბრე, ძალიან მზრუნველი თვალებით მომზირალი ქალი იყო. ყოველთვის პოზიტიურად განგაწყობდათ ეს წყვილი, მე ძალიან მიყვარდა მათი ტანდემი, ყოველტვის კარგად მახსენდება და ვერასდროს წარმოვიდგენდი მათ ცალ-ცალკე, ისინი ერთი მთლიანობა იყვნენ. თუმცა როდისაა, ისე იყოს ყველაფერი როგორც გვინდა, ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც და დარჩა იაშა ბაბუ მარტო, თავისი მეორე ნაწილის გარეშე, დედაბოძის გარეშე, ახლა მას უწევს იყოს, დედაბოძიცა და იმედიც, რომ არ ჩამოიქცეს ეს სახლ-კარი,მას ხომ შვილიშვილები ჰყავს და მათთვის აკეთებს ყველაფერს. ამ სახლში რომ შედიხარ თითქოს არაფერი შეცვლილა, იაშა ბაბუ  შეძლებისდაგვარად უვლის სახლს ჰყავს შინაური ცხოველები, ეზო სავსე აქვს კარტოფილით,ბოსტნეულით, ჟოლოთი, მაყვლით,მოცვით,უამრავი ხილით, გული კი სავსე აქვს დარდით, მაგრამ ერთს არ გაგრძნობინებს, სულ გამხიარულებას ცდილობს. ხანდახან ისე საყვარლად ბუზღუნებს, უნდა მიხვიდე და ჩაეხუტო, “ეს თეფშები აქ რატომ დევს, ასე დაგახვედრეთ მე სახლი? აბა მალე წამოხტით ფეხზე და გააკეთეთ საჭმელი, მომიდუღეთ ყავა, ერთი კოვზი ყავა და შვიდი კოვზი შაქარი:) არ დაგავიწყეთ”. ჩვენ გვეცინება და ვიწყებთ ასე სიცილით მისი ბრძანებების შესრულებას, ის კი აგრძელებს ვითომ  სერიოზული სახით “რა გაცინებთ, რა ვთქვი ვითომ ახლა სასაცილო?”

მოსაღამოვდა და გარეთ გასვლას ვაპირებთ, მოკლე შორტი მაცვია და მაისური, იაშა ბაბუ მეუუბნება:”ჩეიცვი ბაბუა და ისე გადი, შეგცივდება, აგრილდა რაღაცნაირად”. მე ვიღიმი და ვეუბნები:”ნუ გეშინიათ, იაშა ბაბუ, ახლავე გამოვიცლი და ისე გავალ”.

მე და ეთო მთელი დღე იმას ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა საჭმელი, მერე რო დავიღლებოდით ფიქრით კარტოფილს ვწვავდით: იქვე ბოსტანში გადახვალ, ამოიღებ ხასხასა წითელ კარტოფილს, უცბად გაფრცქვნი , შეწვავ და ვუალაა, საჭმელი მზადაა.

შოშხოთი იქვეა სახლთან, ტყეში. პატარა ბაზილიკის ტიპის ეკლესიაა, მგონი ღვთისმშობლის სახელობის, რესტავრირებულია, გარშემო ძალიან ლამაზი ტყე აქვს. შოშხოთთან ახლოს მწვადი შევწვით,ლელუკას ხაჭაპურებიც გვქონდა, ეს გოგონა საოცარ ხაჭაპურებს და სხვა გემრიელობებს აკეთებს, პირადად ვერ შევძელი მადლობის თქმა და აქედან ვეუბნები, კიტრი დავჭერით, უგემრიელესი სულგუნიც გვქონდა, მწვადი და იაშა ბაბუს ღვინო ❤ მეტი რა გინდა ადამიანს, არც არაფერი;) მალე წვიმა დაიწყო, ფარდულს შევეფარეთ მაგრამ ერთ მხარეს ასხამდა მაინც, შევთანხმდით როგორც კი იკარებდა ცოტას, სახლისკენ დავეშვებოდით, ასეც მოვიქეცით, მოვდიოდით ტალახში ყელამდე ამოზელილები, გაცხარებული ვკამათობდით, ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე, ვერ ვთანხმდებოდით ვინ იყო დომინანტი, მალე ისე გაცხარდა კამათი, ერთმანეთს არავინ უსმენდა და ამ თემის “შემომგდებს”ვაგინებდი(გულში რა თქმა უნდა), რომელიც სულ წინ მიდიოდა გასუსული და კმაყოფილი ღიმილით :)))) ქალებმა მაგრად დაიცვეს თავისი პოზიცია, მათ ბევრი არგუმენტი აღმოაჩნდათ, აი კაცები კი იმეორებდნენ “ქალს ზოგი რამის გაკეთება არშეუძლიათ, რაც მამაკაცებს ძალგვიძსო”, თუმცა როცა ვეკითხებოდი კონკრეტული მაგალითი მითხარი-თქო, ჩუმდებოდნენ, აი ასეა ეს ამბავი 😉

მეორე დღეს წავიდნენ დავითის მეგობრები, ნახეს ზარზმა, ჭულე და რაბათი და იქიდანვე გაეშურენ თბილისისკენ. დავითი გვიან დაბრუნდა სახლში, დაღლილი. მე და ეთომ კი მთელი დღე სრულ სიმშვიდესა და ნეტარებაში გავატარეთ, საჭმელი გავაკეთეთ, სახლი მივალაგეთ.საღამოს მეზობელს ტყემალი ავუბოჭეთ და იქვე კაკლის ძირში ჩამომჯდარ იაშა  ბაბუს შევუერთდით, არაჩვეულებრივი ხედი იშლებოდა ამ ადგილიდან, იქვე ახლოს, სიმწვანეში შეფენილი სოფელი გორგულის სახლები მოსჩანდა მათ უკან ადიგენის რაიონული ცენტრი, ზემოთ კი, შორს ოქროს ციხე გადმოჰყურებდა ამ დალოცვილ მხარეს, ერთ დროს ჯაყელების ერთ-ერთი სტრატეგიული ციხესიმაგრე იყო და ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა სამცხესათვის. ცოტა დაბლა სმადას ეკლესიაც მოსჩანდა, გადაშლილ ისტორიის წიგნს ჰგავდა აქაურობა, რომლის კომენტარებსაც იაშა ბაბუა გვიყვებოდა. ვისხედით ასე სიმწვანეში ქლიავის ხის ქვეშ, მე იაშა ბაბუ და ეთო, იაშა ბაბუ თავის ამბებს გვიყვებოდა, როგორი ზამთარი ჰქონდა, როგორ დარგო ხილის ხეები და როგორ გააკეთა ახალი ღობე, თან თავის კოხტა ძროხას გაჰყურებდა, არსად გამეპაროსო,  “ეს დღეები ნახირში არ გავუშვიო, მალე უნდა გააჩინოს ხბო, უკვე კი უნდა გაეჩინა,მარა არაფერი ეტყობა ჯერო”,  მერე ჩაიცინა, შემოგვხედა და გვითხრა “გააჩენს, აბა სა წეიყვანს ბოვშებო ჰა” . გულიანად გაგვეცინა. ახლა სახლში წადით ცივი ნიავია არ გამიცივდეთ “აქანაო”. რა იცოდა იაშა ბაბუმ, ამ ყველაფერს საქვეყნოდ რო გამოვაჭენებდი 😉

ბოლოს წინა დღეც გათენდა ადიგენის რ-ნის სოფელ გორგულში. დილის 10 საათი იქნებოდა მორიდებით შემოიხედა დავითმა ჩემს ოთახში, წამო ყავა დავლიოთო. ავდექი, ავდექი რა ავლაგდი, ჯერ ფეხები გადმოვყავი, მერე წამოვჯექი, მერე წელში გავიმართე და ჯერ ისევ ძილბურანში მყოფი, ბარბაცით დაბლა,კიბეებს ჩავუყევი,დავითი ჰამაკში იწვა ტელეფონის მანათობელ ეკრანს მიშტერებოდა, ეთო როგორც ყოველთვის დაფუსფუსებდა, იაშა ბაბუ არსად ჩანდა. ეთომ მალე ყავა მოადუღა, მე ფოტოების გადაღება დავუწყე ყავას, ეთო ამბობს “მომკლა ამ გოგოს ფოტოებმა,ყველაფერს ფოტოს უღებს”, “გოგო, თბილისში რო ჩავალ ადიგენის ქრონიკები უნდა დავწერო და მაგისთვის მჭირდება”. მართლა ყველაფერს ფოტოს ვუღებდი,ყავის ფინჯნებით დაწყებული ყვავილებით დამთავრებული. ჩემი ბიძაშვილები მსოფლიოში ყველაზე  საყვარელი და გამძლეები არიან, საოცარი მოთმინების უნარი გამოიჩინეს, ჩემი საშინელი ხასიათის მიმართ. საერთოდაც ძალიან მხიარული და საყვარელი ბავშვები არიან. ბავშვობაში ბევრ დროს კი ვატარებდით ერთად, მაგრამ რაც სტუდენტაბი გახდნენ უფრო მეტად დავუახლოვდი. დავითი  ძალიან მგრძნობიარე, თვალებციმციმა ბიჭია, ძალიან საყვარელი ღიმილით, ის ჩემზე პატარაა, მაგრამ ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს, ის ჩემგან ძალიან განსხვავდება, მაგრამ უსიტყვოდ ესმის ჩემი, ყოველთვის მხარს მიჭერრს და პირიქით. ეთო კიდევ უფრო პატარაა, ძალიან პატარაც მახსოვს, ბევრი დრო არ გვაქვს ერთად გატარებული, თუმცა ძალიან საყვარელი და მომთმენია ისიც, ადვილია მასთან ურთიერთობა, მასთან ერთად კაარგად დაისვენებ, არასდროს გიჭამს უაზრობებით ტვინს, არაფერს გაძალებს და ძალიან მოზომილია, ყოველთვის იცავს საკუთარ კომფორტს და არც შენსას უშლის ხელს. ასეთი ოქროები მყავს. სწორედ მათი დამსახურებაა ის, რომ ამდენი ხნის მანძილე ნამდვილი დასვენება მქონდა,ზედმეტი სიარულებისა და სისულელეების კეთების გარეშე…. დილის ნიავი ქროდა, მზის სხივებიც ნელ-ნელა უფრო ძლიერდებოდა, ჩვენ სამნი ეზოში მაგიდასთან ვისხედით და ეთოს მომზადებულ უგემრიელეს ყავას მივირთმევდით, (მიუხედავად იმისა რომ ყავის მოდუღება, რიგის მიხედვით დავითს ეკუთვნოდა, მაინც ეთოს მოუწია, აღარაფერი გვითქვამს, სიტუაციას არ ვამწვავებდით და სიმშვიდით ვტკბებოდით) ყველა თავის სტიქიაში იყო, მე ვცდილობდი ყავის ფინჯანისთვის ფოტო გადამეღო, ეთო დედას ელაპარაკებოდა მობილურით, დავითი კი მესენჯერს მიშტერებოდა და პატარ-პატარა ყლუპებით ყავას სვამდა, ისე რომ ტელეფონს თვალს არ აშორებდა. ამასობაში იაშა ბაბუც გამოჩნდა ერთი შემოგვძახა “ოჰჰ, თქვე ყალთაბანდებო,ყავას სვამთ და მე არც კი გახსოვართო”, მაშინვე მოვართვით ყავა ბაბუსაც, ერთი მოსვა, გაიღიმა, საყვარლად და გვითხრა “ნიკორა გვყავს ბოვშებოო”. გავმხიარულდით ყველა, ძალიან გაგვახარა ახალი სიცოცხლის დაბადებამ. ჩვენმა ტურფა ძროხუკამ, ვაჟკაცი ნიკორა გააჩინა და ოჯახიც გაგვაბედნიერა. ნიკორა პირველი შვილია.  სულ სხვანაირად ქროდა ნიავი იმ წუთიდან, სხვანაირი მხიარული ჩანდა ეზო….

ყოველთვის მიჭირს იქიდან წამოსვლა, სადაც თავს, როგორც სახლში ისე  ვგრძნობ, სადაც შენ შენ ხარ, სადაც დილით შეგიძლია ადგე, პირზე ცივი წყალი შეისხა, მთელი დღე პიჟამებით იარო, უგემრიელესი ყავა დალიო ძალიან მაგარ ხალხთან ერთად, იწვეე გამუდმებით ჰამაკში, გაჰყურებდე ჰორიზონტზე ჩამავალ მზეს, რომლის სხივებიც ძალლუმად ცდილობენ სისხლისფრად შეღებონ ცა, უყურო არანორმალურად ლურჯ ცას, დატკბე ხასხასა მწვანით შემოსილი ბაღების ცქერით, სალამი უთხრა ლაღ, გულწრფელ და ლამაზ ხალხს, დაივიწყო ის, რაც ამ დაწყევლილ ქალაქშია, უმოძრაობა, უჰაერობა, სიძულვილი, სიმყრალე……

დილით ადრე ავდექი, ყველაფერი ისევე სწრაფადვე ჩავყაარე ჩანთაში, როგორც აქ წამოსვლისას, 9 საათზე ჩავჯექი მანქანაში და წამოვედი…. სწრაფად და უკან მოუხედავად, რაც უფრო სწრაფად წამოვალ მითუფრი ნაკლებად მეტკინება გული, ვერ ვიტან სახლიდან წასვლებს…თუმცა კარგია, რომ  გაქვს შანსი, ნებისმიერ დროს, შეგგიძლია დაბრუნდე…..

თამარა

პ.ს. ადიგენის ქრონიკების ჰიმნი: https://www.youtube.com/watch?v=2vlqC9hQGvs

 

გაფრთხილება: თვითდაზიანება

დედა მაფრთხილებდა სიგარეტზე,რომლის მოწევის შემთხვევაში შესაძლოა კიბოთი დავაადებულიყავი, თუმცა არასდროს უთქვამს ის, რომ შინაგან სიძულვილს შეეძლო უფრო სწრაფად მოეკიდა ფეხი ჩემს სხეულში,ვიდრე ნებისმიერ სიმსიმნურ წარმონაქმნს.

მამაჩემი მაფრთხილებდა, რომ არასდროს შემეწყვიტა  ფიქრი, თუმცა მას არასდროს უთქვამს იმის შესახებ, რომ ბევრ ფიქრს შეეძლო ჩემი ბედნიერება დაესამარებინა.

ჩემი და მაფრთხილებდა იმ ადამიანების შესახებ, რომლებაც შეეძლოთ ჩემს მიმართ გულსატკენი  შეფასებები გაეკეთებინათ, თუმცა მას დაავიწყდა ეთქვა, რომ ნაცვლად სხვისი ხმის მოსმენისა, ჩემი შინაგანი ხმა შეიძლება გამეგო.

ჩემი ძმა მაფრთხილებდა, ქუჩაში ნარკოტიკების გადამყიდველების შესახებ, თუმცა არასდროს უთქვამს, რომ შესაძლოა ნარკოტიკი ჩაგიყარონ ჭიქაში,მაშინ როდესაც მისკენ არ იყურები.

ბებო მაფრთხილებდა ეშმაკის შესახებ, რომელსაც კუდი და წითელი რქები აქვს, თუმცა არაფერი უთქვამს მის ანგელოზურ ღიმილსა და მუქ,ოკეანესავით ლურჯ თვალებზე.

ბაბუა მაფრთხილებდა ლოთობის შესახებ, რომელსაც შეეძლო მოეკალი, თუმცა არასდროს უთქვამს ის, რომ თუ დალევ საკმარის ალკოჰოლს, ის მოქმედებს როგორც სიყვარული.

ჩემი ბიძაშვილი მაფრთხილებდა, რომ ქალწულობა უნდა დამეკარგა იმ ბიჭთან,ვინც მიყვარდა,თუმცა არასდროს უთქვამს ის, რომ ასევე მასაც უნდა ვყვარებოდი.

დეიდაჩემი მაფრთხილებდა, რომ გულის არევამდე არ უნდა მეჭამა, თუმცა არასდროს უთქვამს ის, რომ თუნდაც არაფერი ჭამო,მაინც შესაძლებელია მთელი დღე გაატარო ტვალეტტში და გული გერეოდეს.

ჩემი ძიძა მაფრთხილებდა, რომ ბიჭებს შეეძლოთ ჩემთვის გული გაეტეხათ , თუმცა არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ თუ მე მათ ჭკუიდან შევშლისი, ისინი ასევე მომტეხავდნენ ხელს და გამიტეხავდნენ ცხვირს.

მასწავლებელი მაფრთხილებდა იმ კაცების შესახებ, რომლებიც დანით დადიან და შეეძლოთ ყელი გამოეჭრათ ჩემთვის, თუმცა მას არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ არ დამჭირდებოდა ესკაცი ჩემი სხეულის დაზიანებებისთვის.

ისინი ყველანი მაფრთხილებდნენ საშიში გარემოებების შესახებ, რომელთც შეეძლოთ ჩემი მოკვლა, თუმცა არასდროს მქონია შანსი მეკითხა მათთვის, თუ ორივე მაჯას ვერტიკალურად გადავისერავდი და მივიღებდი 38 აბ ასპირინს, იქნებოდა ეს ერთ-ერთი საშიში ქმედება?!

D.Alaska

ციტატები

e7a872dee89c4b2a8ef2c1a3935797aaთქვენ მართლა ფიქრობთ, რომ მთვარეებს გულწრფელად უყვართ ის პლაანეტები, ვისი თანამგზავრებიც არიან?

მე ვფიქრობ, ისინი შესაძლოა უბრალოდ მიწებებულები არიან.იქნებ არც კი იციან როგორ უნდა მოსცილდნენ ერთმანეთს. სულაც გრავიტაციის ბრალია ალბათ  ასეთი კოდი რომ აქვთ: „არ ვიცი, თუ როგორ უნდა ვიყო შენგან შორს“ – მხოლოდ მასიური გაგებით. აი ისე როგორც „ საყვარელო, ვიცი, ჩვენ ერთად მუშაობა არ შეგვიძლია. უბრალოდ სულ მავიწყდება, თუ როგორია იყო მთვარე, როცა შენ ჩემთან არ ხარ“

მავიწყდება, თუ როგორია იყო მთვარე, როცა შენ ჩემთან არ ხარ, თუმცა კარგად ვხვდები რაშიცაა საქმე. მე ამით ძალას ვკარგავ.“

ერთი დღე (გრავიტაციის ძალა) – ტრისტა მატეერ

არტნამუშევარი -ცურუტა იჩირო.

 

1f97d9fc213f0abaee02cef0a192d892

ნუ დახარჯავ ცხოვრების წუთებს სახლის ძებნაში, ერთადერთი რაც შენ გჭირდება არის შენივე ძვლევით შექმნილი სტრუქტურა. – ჰელი ჰენდრიკი, არტნამუშევარი – სოლტრეისი

 

93409820ccac58754b2523c087c70070სიჩუმე არის ლამაზი და არა მოუქნელი, ადამიანების მიდგომა- ეშინოდეთ ყველაფერი ლამაზის არის მოუქნელი. – ელიოტ ქეი

f701dbefb6647db904fddab1fc420936

მე ზუსტად ვიცი, თუ როგორია ეს, გიყვარდეს ვიღაც, ვინც არ იმსახურებს ამას. მაგრამ ნებისმიერი სახის ყურადღება უკეთესია უყურადღებობაზე. – ავგუსტ ბუროუ, არნამუშევარი – დევიდ დალა

cbda43ca2d82df6b36721fba22adffa3

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც რამდენი სიტყვაც არ უნდა უთხრა, მათ არ ესმით შენი, ხოლო ამასთან არიან ადამიანები, რომელთაც უსიტყვოდაც შეუძლიათ გაგიგონ.- ჟასმინ მოგაჰედი, არტნამუშევარი – მარუ სტალი.

tumblr_o1z6zdJPvQ1rhza9ko1_1280დაიმახსოვრე, არსებობს ორი გზა, რითაც შეგიძლია ადამიანის სახე დააკარგვინო ნებისმიერს: გაათავისუფლო,გაუშვა შენგან და გააკერპო. დავიდ ვონგი, არტნამუშევარი – ჯეფ სიმფსონი

04bcd64124b30d97f7c534efb5d806da

სტრესი და ტკივილი ცხოვრებაში არის როგორც ერთი ჭიქა წყალი, თუ ცოტახნით იფიქრებ მასზე,არაფერი მოხდება,გადაგივლის მალევე წყურვილი, ცოტა დიდხანს თუ იფიქრებ, დაიწყებს ცოტათი ტკივილს, და თუმთელი დღე იფიქრებ ამაზე, მოახდენს შენს პარალიზებას – ყველანაირად უუნარო ხდები. – ჯიმი ჰარმონი, არტნამუშევარი – ჯესსიკა რიმონდი

 

კარლო კაჭარავა – როგორც პოეტი

დაიბადა 1964 წელს.

1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი.

1986 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე 1994 წლამდე მუშაობდა თბილისის გ. ჩუბინაშვილის სახ. ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში (უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი).

კარლო კაჭარავას ლექსები მისი ფაბულარული სურათების მოკლე შინაარსს ჰგავს, ან კინოსურათების სინოპსისს. ცხადია, ვერ ვიტყვით, რომ ეს ლექსები ვერლიბრს მიეკუთვნება, ან ლექსებს პროზაში, მაქს ჟაკობის ტიპის. აქ უფრო დიდი წილია მოთხრობისეული სიუჟეტისა, არაკანონიკური ჰაიკუს ფორმით გადმოცემული. სრულიად არაპოეტური თხრობა, სადაც მეტაფორაც და ენაც მოთხრობის სტანდარტებისგან შედგება, გარდა რიტმისა (ისევე, როგორც ერნესტ ჰემინგუეის ჰქონდა ჟურნალისტური ფრაზის ლაკონურობა, მაგრამ არა რიტმი), რაც გადამწყვეტი დეტალია მისი ტექსტების პოეზიად მოაზრებისთვის. მაქს ჟაკობის და, შესაბამისად, მოდერნიზმის უნებლიე ასოციაცია მხოლოდ ადასტურებს, რომ კარლო კაჭარავა პოსტმოდერნიზმის ესთეტიკის თანმიმდევრული და სტილზე მომუშავე პოეტია, და არა სალონური მოდერნიზმის, რაც ხშირად შეიძლება შეგვხვდეს ქართული ვერლიბრის წიაღში.

ხანდახან იბადება კითხვა: რამდენად ახლოს დგას ცხოვრება და ხელოვნება ერთიმეორესთან. ზოგიერთი შემოქმედისა და ავტორისათვის ეს მკაცრად, მტანჯველად მიმდინარეობს. ხელოვნება ცხოვრების სტილს გამოხატავს. ამასთან ერთად ამერიკულ ბელეტრისტიკაში მოიპოვება ერთგვარი მონახაზიც: ჯეკ კერუაკმა, დაეხეტებოდა რა თავის მწერალ კოლეგებსა და მეგობრებთან ერთად შეერთებულ შტატებში, დაწერა ამაზე “გზაში.” ვილიამ ს. ბუროგმა გაატარა რამდენიმე წელი თავისი ცხოვრებისა მაღრიბში ძირითადად ტანჟერაში, ალან გინსბერგმა იმოგზაურა შორეულ აღმოსავლეთში. ვინც საბჭოთა კავშირში გაიზარდა, მისთვის ძნელია დასავლეთში გასვლა, კაჭარავა შეძლებს იმას, პერესტროიკის ეპოქა იწყება, ის მიემგზავრება შვედეთსა და ფინეთში. შვედეთში მას ელოდება მეგობარი ქალი, ელენა ლუნდბერგი.
კაჭარავა გერმანულ სიტყვებს აწერს თავის ნახატებს. იგი აღწერს “ახალ რეალობას” სურათებით. გერმანული ენა მან ფასბინდერის ფილმების შთაბეჭდილებების გავლენით დამოუკიდებლად შეისწავლა, მისი პირველი გამოფენა გერმანიაში, ქ. კელნში, 1990 წელს შედგა. საგნობრივი კონსტრუქციულობა, ყოველდღიურობის თითქმის დოკუმენტური ასახვა ახასიათებს აშკარად კაჭარავას სურათებს. კონსტრუქციულობად შეიძლება მივიჩნიოთ ის ფაქტორიც, რომელიც ბერლინის “ახალი ნადირის” (რაინერ ფეტინგი, შალომე და სხვ.) გავლენით შეიქმნა.
კარლოს დის, ლიკას გადმოცემით, 2006 წელს პირველად ქართულ ენაზე გამოიცა მისი ლექსებისა და გრაფიკული ნამუშევრების კრებული ორ ტომად ოთარ ყარალაშვილის გამომცემლობაში. აქ გადმოცემულია კ. კაჭარავას დამოკიდებულება უფრო მეტად სოციალური ცხოვრების საკითხებისადმი, განსაკუთრებით “პერესტროიკის” პერიოდის საქართველოს ყოფა ლირიკითა და გრაფიკით. კ. კაჭარავას საუკეთესო ნიმუშები უკვე იქცა ახალგაზრდების დაინტერესების საგნად და ისინი პოსტერებად უკიდიათ ოთახებში. კ. კაჭარავა 29 წლის ასაკში გარდაიცვალა მასზე ვიღაც მაწანწალას თავდასხმის შედეგად მოსკოვის მეტროში. მაწანწალამ ფული მოსთხოვა, კაჭარავა შეპირდა, რომ მისცემდა გაყიდული სურათებიდან არც თუ ისე მცირე თანხას. ამ დროს გამოჩნდნენ მაწანწალას კრიმინალი ამხანაგები, მათ გაძარცვეს და სცემეს ახალგაზრდა.
კაჭარავა სწავლობდა ხელოვნების ისტორიას, მას ეკუთვნის უამრავი ესე ხელოვნებასა და მოძრაობაზე. ამას ყოველივეს ის ნაივურად აღიქვამდა, იქნებ პიროვნულად ეთამაშებოდა კიდეც საგნებს. გასულ წელს, სექტემბერში გერმანულ ენაზე ითარგმნა მისი ოცი ლექსი. ეს ქალბატონი მანანა პაიჭაძის დამსახურებაა (მანანა პაიჭაძე _ თსუ-ს პროფესორი, გერმანისტი). იგი ეძებს გამომცემლობას მათ გამოსაცემად. სტატიის ფარგლებში ციტირებული იქნება ზოგიერთი ნაწყვეტი მისი ლირიკიდან.
პოპულარული კულტურის ზეგავლენა უკვე იგრძნობოდა საბჭოთა კავშირის დაშლის წინ და ხელოვანთა ერთი ჯგუფის “მეათე სართულის” წევრებმა სცადეს მალულად მოეპოვებინათ უახლესი ფილმები, თუ ლიტერატურა. ამ ჯგუფის წევრი იყო კარლო კაჭარავაც. ეს კარგად მოჩანს მის ერთ ლექსში გამოუქვეყნებელი კრებულიდან: “ე. ინგოროყვა ბიიდერ მაინჰოლის” ქრონიკას კითხულობს და ასახელებს ენდი ვარჰოლს ან ჟან მაიკლ ბისკოტს, ან იმ კერპებს ახალგაზრდებისას, რომელნიც კედლებზე უკიდიათ, სახელმძღვანელოებში, დღიურებში არიან ჩაკარგული ან ოცნებებში იმ ქალაქზე, სადაც თითქოს ყველაფერი ჩამკვდარია, პურის რიგში კი დგანან კერპები: სტალონე, ვან ბასტერი და კიმ ბესინჯერი…”
ბოლო პერიოდში საბჭოეთის ქვეყნის ბავშვები უკვე მომზადებულნი ხვდებოდნენ ახალ დროებას, რასაც იცნობდნენ პლაკატებითაც: “საქმის არსის სიღრმისკენ მიისწრაფვის მხატვრობა, რომელსაც “საგანი საკუთარი” იხსნის და საშუალებას მისცემს, გამოვლინდეს ახალ სამყაროში. ასე გახდა იგი, როგორც შეტყობინების, დოკუმენტირების ხელოვნება. ასეთია მარილუიზა ჰასტერის ინდუსტრიის სურათი ორივე მხრდან, გამოკითხვის ფრაგმენტები და სხვ.
ყოველდღიურობაა ასახული სურათებზე, ეს უფრო წვდომაა და უცხოელისათვის ენის ბარიერისდამიუხედავად გასაგები, ცხადი. ყოველ თარგმანში, რაც არ უნდა საუკეთესო იყოს, რაღაც იკარგება, უპირველეს ყოვლისა ეს ლირიკას ეხება, სურათები კი გვიჩვენებს პიროვნების ყოველდღიურობას კონტექსტში: ვახშმის დროს, რიგში დგომისას, შინისაკენ მიმავალ გზაზე (ხანდახან ე.წ. კორპუსებისკენ). კაჭარავა არ ცრუობს ყალმის ყოველი მოსმისას. ამ, სრულიად ახალ შტრიხებში ხშირად დომინირებს ფერი, წარმოსახვას რომ ხელს უწყობს. კაჭარავა პარალელურად წერს ინფორმაციულ ესეს რობერტ რაუშენზე: “გასათვალიწინებელია მარკ როტკოს გამონათქვამი: “სურათი არ არის თვითგამოხატვის ფორმა. ხელოვნების ნებისმიერი დარგის მსგავსად სურათიც ენობრივი სისტემაა, რომლის საშუალებითაც ხდება სამყაროზე საუბარი.”
როდესავ აკვირდები კ. კაჭარავას სურათებს, ხვდები, რომ თითოეულ მათგანს თავისი ისტორია ახლავს, რაც მათი შინაგანი კავშირების გამოხატულებაა. კაჭარავას სურათების ენაც ისეა კონცენტრირებული, რომ ერთ ხაზზე იჭიმებიან, ფიგურები ჩნდებიან და იკარგებიან. პოეტი და მხატვარი ცდილობს, ყოველდღიური ცხოვრების სცენები შეძლებისდაგვარად დეტალურად წარმოადგინოს, მაგრამ მხოლოდ გამოკვეთილს. ეს შეიძლება იყოს თოჯინა, წყლის სადინარი მილი ან სავახშმო სუფრა. ლექსების საშუალებით კი ახერხებს შექმნას საბჭოეთის დასასრულის ამსახველი პანორამა. საინტერესო მიძღვნებს უკეთებს უცხოელ ნაცნობებს. მოჩანს საბჭოეთის რესპუბლიკის მცირე ხნით დატოვების სურვილიც და ინტერესიც იმისა, გაიგოს რა ხდება გარეთ. სწორედ ამ სურვილით გამგზავრებისა, გაჟღენთილია კ. კაჭარავას კულტურულ-ისტორიული ნაშრომები. იგი არ იმეორებს ზოგი ახალგაზრდა ხელოვანის შეცდომას, მიატოვოს საკუთარი ფესვები.
ნაწყვეტი ლექსიდან (დაიწერა 1987 წელს კალუგაში): “მთელი მატარებელი ეროტიკითაა აღსავსე. ქალის მკერდი ქცეულა ახალი რეალობის ობიექტად.”
ერთ ესეში “ქართული ავანგარდის ისტორია” კ. კაჭარავა ასეთ დაკვირვებას იძლევა: “ქართული ავანგარდის განსაკუთრებულობა, მისი ნაწილობრივ პოსტთანამედროვე ხასიათი მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ ის ქმნის თავისი არსებობის პერიოდში საკუთარ ტრადიციას, ბიოგრაფიასა და ფასეულობათა სისტემას, რომელიც შეძლებისდაგვარად აშკარადაა წარმოდგენილი და რასაც თან ახლავს ერთგვარი უპრინციპობა მისი შემქმნელების მიერ გზების ძიების მიუხედავად.”
კაჭარავას თეზისით, საქართველოში პროფესიული ხელოვანები ავანგარდისტებად იქცევიან, რადგან იძულებულნი ხდებიან, რომ შეებრძოლონ კულტურულად სუსტ ინფრასტრუქტურას. ამ ყოველდღიურ ბრძოლაში ერთვება შინაარსობრივი სიახლენიც. კაჭარავას მიხედვით, ქართული ავანგარდი არაა ძლიერი პოზიციის გამომხატველი იდეოლოგიზირებული ოფიციალური ხელოვნების მიმართ. ყოფილ საბჭოეთში არსებობდნენ ხელოვანთა გარკვეული წრეები, რომლებიც ნაწილობრივ წინააღმდეგობას უწევდნენ სახელმწიფოებრივად დაშვებულ შეცდომებს და ასახავდნენ განვითარების გზებს, პოეტები და მხატვრები XX საუკუნის დასაწყისში, როგორებიც იყვნენ გალაკტიონ ტაბიძე ან პაოლო იაშვილი, კონტაქტს ამყარებდნენ ევროპასთან, მაგალითად მოძრაობასთან, ამზადებდნენ და გამოსცემდნენ წიგნებს, კაჭარავას ხელოვნება ინტერესდება წუთიერი განცდებით, ახალი, “ზაჰლიჰკაიტის” ხელოვანთა მსგავსად ის იძლევა დიდი ქალაქის ყოფის ამსახველ დოკუმენტურ სურათს, ადამიანთა ცხოვრების განსხვავებულ სახეებს.
“დასავლეთ საქართველოში თითქმის აუტანელია ცხოვრება. სენაკში თომას ვულფის წიგნი თავისუფლად იყიდება. საღამოობით გრილა. სწორედ მეორედ მოსვლაა. დღის განმავლობაში კი ცხელა. ბაზარზე ყასბის ცოლი სადღაც გზავნის ქმარს. ძროხები ხიდზე ბალახს ძოვენ გამონაბოლქვ ჰაერში. ვნახეთ უნგრელი ქალი, რომელიც გინეკოლოგად მუშაობს და ოცნებობს, დატოვოს საბჭოეთი თავისი მეუღლის გამო, მაგრამ აგრძელებს ცხოვრებას სენაკში. თეატრის შენობასთან ვიღაც შეძლებული წყალს მიირთმევს. ცხელა.
ვიღაც ქალი მეორადი საქონლის მაღაზიაში კარგავს საფულეს. ქალებს აქ უმეტესად შავები აცვიათ, ღარიბად ჩაცმული 12 წლის გოგონა ოქროსფერი გრძელი თმებით, იაფფასიან პომადეს ყიდულობს საოჯახო საქონლის მაღაზიის გვერდით. მეგრულად ეკითხება ნათურის ფასს”.
კ. კაჭარავას სურათებისა და ლექსების ენა პირველი ცდაა კომუნიკაციის საბჭოეთის მიერ შეფერადებულ სამყაროსი სხვა სამყაროსთან. აქ მოჩანს გადარჩენის გამომხატველი მეტაფორებიც. უცხოური პოეზიისა და მხატვრობის ზეგავლენა აშკარავდება კ. კაჭარავასთან და ვლინდება ყოველდღიურობის კომუნიკაციაში. ეს შეხება გარესამყაროსთან პერიოდულად მთავრდება და წინა პლანზე იწევს წუთიერის შეგრძნება _ აღქმა. ამ კავშირში იხსნება პანორამული ფანჯარა ბოლო პერიოდის საბჭოური საქართველოსი. სწორედ ამიტომაა კაჭარავას პოეტური და გრაფიკული შემოქმედება ასე საინტერესო გერმანელი მკითხველისთვის.

დომინიკ ირტენკაუფი
გერმანულიდან თარგმნა სოფიო წიკლაურმა

ლექსები

ბავშვებს, წვიმებს, ცარიელ მაწვნის ქილებს ..

ბავშვებს, წვიმებს, ცარიელ მაწვნის ქილებს
გადაუფრენს ნოსტალგია მფრინავ თეფშებზე.
კარაქისა და საპნის რიგში მდგომ ადამიანებს
ძალუძთ მხოლოდ ჩემი სიხარული.
მიმავალთ სამარედქცეულ საწოლისაკენ.
რა აზრი აქვს აფიშებს, რომლებიც უფრო
თხოვნას ჰგვანან, ვიდრე ცთუნებას.
რომელ თეატრში ვნახავთ მეტ სიმართლეს,
ან დავიძინებთ უკეთ, ვიდრე ჩვენს საწოლებში,
მას შემდეგ, როცა რიტმული მოძრაობებით
ვარღვევთ ერთმანეთის სიმყუდროვეს
და მერე არეული სუნთქვით, არეული სიზმრებით
ერთად გვძინავს.

ჩვენში…

ჩვენში _
ვიღაცას დრო აქვს და უყურებს ჟან-ლუკ გოდარის
ფილმებს კინოს სახლში.
ჩვენში _
ვიღაცას ფული აქვს და ყიდულობს ჟან-ლუკ გოდარის
ფილმების რეტროსპექტივის
ფრანგულ კატალოგს.
ჩვენში _
ვიღაც ისე უპრობლემოა, რომ ეცოდება ქუჩის ძაღლები.
ჩვენში _ ვიღაცას იმდენი ფული აქვს,
რომ არაყს სვამს ქუჩაში.
ჩვენში _ ყველა ესენი იმდენად გულუბრყვილონი არიან, რომ ჰგონიათ უკვე
აღარ ცხოვრობენ ამ ქალაქში.
ჩვენში _ ყველამ ყველაფერი იცის.

კაცის ძილი

კაცის ძილს ცუდი სუნი უდიოდა.
ის მყრალი იყო და ბრაზიანი-
დამარცხებებს ვერმიჩვეული.
ძილში კაცი ნატრობდა ყველას,
ვისაც ფლობდა და მერე კარგავდა
და იმათაც, ვინც აროდეს არ იყო მისი.
მას მხოლოდ ძლში არ ეცოდებოდა თავი,
თუმცა სიზმარშიც სიგარეტს ეწეოდა
და ისეთივე სისულელეებს ლაპარაკობდა,
თან გაზეთებს ჭამდა.
კაცის ძილი ჰგავდა ყვირილს,
მამობაზე ოცნებას,
თუმც სიზმარშიც შვილებს სცემდა.

P.S. როცა მარსელ დიუშანს ჰკითხეს: სწამს თუ არა ღმერთი,
მან უპასუხა: მე ხომ არ გეკითხებით იმის შესახებ, თუ რას აკეთებენ ფუტკრები კვირა დღეს.

გაქცევა

ცხელა.. თხელი მაისურის შიგნით ვგრძნობ დანამულ და წებოვან კანს, ლოყებზე ცეცხლი მეკიდება.  ფანჯრები ღიაა, ფარდები უიმედოდ, მხრებჩამოყრილნი გახევებულან, ნიავის მომლოდინედ ერთ ადგილზე გაშეშებულან, საწოლზე ვზივარ, მუხლებზე ლეპტოპი მიდევს ფეხებზე, მისგან წამოსული სიმხურვალეც ემატება ისედაც საშინელ სიცხეს, ტუმბოზე დაორთქლილი კოკა-კოლას ბოთლი დევს, დროდადრო ვსვამ და თვალს ვაპარებ ფანჯრებისკენ იქნებ შეირხეს, იქნებ ცოტა სიგრილე მოიტანოს ნიავმა, თუმცა ჯერჯერობით კაშკაშა სინათლე და სულისშემხუთავი სიცხე აღწევს მეტი არაფერი…. რაღაც მასალებს ვთარგმნი, ხან გერმანულიდან ხან ინგლისურიდან… პარალელურად მუსიკა მაქვს ჩართული …ახლა ამ წამს woodkid-ის i love you ისმის …. რომ ვთქვა ეს საშინელი სიცხე მაწუხებს მეთქი, მოგატყუებთ, თითქოს არ უნდა მსიამოვნებდეს, მაგრამ მაინც მიყვარს, აი მზე ძალიან მიყვარს, მიუხედავად იმისა რომ ვერცერთი დამწვრობისგან დამცავი კრემი ვერ მიცავს და ყოველჯერზე, როცა მზეზე დავდივარ ვიწვები…… ვერ ვიტყვი რომეს სასიამოვნო პროცესია, მაგრამ არ მაწუხებს, მზის სიყვარული სძლევს ხოლმე… მზე არის ერთადერთი რაღაც რასაც არ გავურბივარ, პირიქით მისკენ მივიჩქარი. სხვამხრივ კი გაქცევა ჩემი ჰობია… ყველაფრისგან გავრბივარ, პირველრიგში საკუთარი თავისგან, მერე  ახლობლებისგან, მეგობრებისგან, სამსახურისგან, პრობლემმებისგან…… დიახ, მე მხდალი ვარ, მიყვარს პარარელური სამყაროების შექმნა და დროდადრო იქ გაქცევა, ყველა გადამწყვეტ მომენტში გავიქეცი, უკანმოუხედავად, მთელი ძალით… მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჯერზე როცა კი გავიქეცი, უფროდაუფრო მივხვდი, არაფერი იცვლებოდა ამით და სიტუაციის გამარტივების ნაცვლად უფრო მეტ პრობლემებს ვეჯახებოდი, მაინც ვაგრძელებდი გაქცევას.

ბავშვობაში მეხუმრებოდნენ ხოლმე, თუ გინდა არავინ დაგინახოს, უბრალოდ ჩაიკუზე და თვალები დახუჭეო… აი ამას ვაკეთებდი ყოველთვის, მეგონა თვალებს თუ დავხუჭავდი ყველაფერი გაქრებოდა, მეც უჩინარი გავხდებოდი… მეგონაა…  დრო თავის სტიქიაშია, შენ გინდა გაიქეცი, გინდა ჩაიკუზე,გინდა თვალები მაგრად დახუჭე, ის მაინც მიედინება, არაფრად გაგდებს, ამოსუნთქვას არ გაცდის და შენ რას იღებ, არაფერს.. დროის იმ მონაკვეთებს, როდესაც მნიშვნელოვანი რაღაცეები უნდა გაგეკეთებინა, შენ გაიქეცი, ადექი და მთელი სიჩქარით უკან მოუხედავად გაიქეცი … თითქოს ბევრი დდროა გასული, თიტქოს ბევრი რამ უნდა გესწავლა ადამიანებისგან,საკუთარი თავისგან გაარემოსგან, მაგრამ არაა, ვერ ისწავლე, რადგან იგივე შეცდომებს უშვებ, ისევ გარბიხარ, მინდა ტვინში ღილაკი იყოს, რომელსაც დააჭერ და ცოტახნით გათიშავ, მერე კი ისევ ჩართავ….

ცხელა და ტვინი ისევ არეული მაქვს, აზრებს ვერ ვალაგებ, არც პროდუქტიული ვარ, არაფერი მინდა, მხოლოდ ერთი რამ, ვეგდო გულაღმა საწოლზე,არავინ და არაფერი მაწუხებდეს და ერთ წერტილს მიშტერებული საერთოდ არაფერზე  ვფიქრობდე…. არ გამომდის, ამ ბოლო დროს გაქცევაც აღარ გამომდის, დავიწყებ თუ არა სირბილს, უკან ვიღაც/რაღაც მექაჩება, ვიხედები და სირბილს თავს ვანებებ, ვეშვები დაბლა, მიწაზე…. როდისმე მჯდარხართ ნესტიან მიწაზე, საოცარი შეგრძნებაა, ცივ,ხორკლიან ზედაპირზე თითებს შორის რომ მოიქცევ მიწას, თითქოს მისი ნაწილი ხდები და შიგნიდან გრძნობ მასში არსებულ ბაქტერიები როგორ ეტმასნებიან შენს გლუვ კანს….

აი ასე, ამასობაში მოსაღამოვდა და ფარდა ოდნავ შეირხა, მერე კლავიატურის წკაპაწკუპს წვიმის წვეთების ხმაც შეუერთდა, ფანჯრიდან საოცარი სიგრილე დამეჯახა და თითქოს ვიღაცამ ეპინეეფრინის დოზა გამიკეთაო, ახალი სიცოცხლე ვიგრძენი გულიც სხვანაირად ამუშავდა, ნელ-ნელა წვიმის ხმა ძლიერდებოდა და სასიამოვნოდ გრილმა ჰაერმა აავსო ჩემი ოთახი… გამაჟრიალა.. რა სასიამოვნოა ცხელი ზაფხულის საღამოს წვიმა, რამდენი შეგრძნებები და მოგონებები მოაქვს და სიცხისგან არეულ ტვინს სულმთლად თავდაყირა აყენებს…. ჰოდა ადექი და გაიქეცი, ახლა საუკეთესო დროა ამისთვის…. იქნებ უკან მოხედვაც აღარ დაგჭირდეს….. გაიქეცი…..

აკაციის ყვავილის სუნი – მე ვარ ახლა და აქ!

გვიანი გაზაფხულია, წვიმამ ეს-ესაა გადაიკარა, გარშემო სამყარო მუქ მწვანე ფერებს ჩაუნთქავს, ჰაერში ნესტის გრილ სუნს რაღაც ტკბილი სუნი ერწყმის, კიდევ ერთხელ ისუნთქავ ხარბად ამ მომაჯადოებელ სუნს და აი განათდა, ეს მოტკბო სუნი ხომ აკაციის ყვავილისაა…… ეს სუნი დგება ჩემს გარშემო როგორც კი ბავშვობის მოგონებებს ზემოთ ცნობიერში ვუშვებ, პირველი ეს სურნელი მეტაკება ხოლმე ცხვირში, მერე ვხედავ საკუთარ თავს გარშემო ბავშვობის მეგობრებით: ძალიან გამხდარი, გრძელი, ხვეული ქერა თმა გაშლილი მაქვს, ეზოში ვთამაშობთ, ალბათ “კლასობანას” ან “დამალობანას”, იმ შემთხვევაში თუ ბიჭები მეტნი იქნებოდნენ ალბათ “ომობანასაც”. სუულ ერთად ვიყავით, არაფრის გვეშინოდა, არც მოზომილი საუბრები გვიწევდა, არც ერთმანეთისთვის რაიმეს მტკიცება. იმ დროს, იმ წამს მეგონა რომ არაფერი შეიცვლებოდა, ყველაფერი აი ასე დარჩებოდა, ასე გულწრფელად გვეყვარებოდა ერთმანეთი, გულწრფელადვე განვიცდიდით თუ რამეს ვიტკენდით, მეგონა ყველაფერი შეიძლება შეცვლილიყო, მაგრამ ეს არა. როცა უფროსები მეუბნეოდნენ “უჰჰ გაიზრდებით, აღარც ერთად იქნებით, დაგავიწყდებათ ერთმანეთიო”, მინდოდა მეყვირა, რომ სისულელეა, არაფერიც არ შეიცვლება, არავინ დამავიწყდება, არ შევწყვეტ მათთან ურთიერთობას-მეთქი. თუმცა მემგონი რომ უფროსები მართლები აღმოჩნდნენ. ეს ყველაფერი ტვინმა ერთ -ერთ უჯრაში საგულდაგულოდ შეინახა , უჯრაში წარწერით “ბავშვობის მოგონებები”.

ჰოდა რას მოვაყოლე ამდენი ვაი-ვიში, მემგონი დაბრუნების პერიოდი მაქვს, ერთ წრეს მოვრჩი და მეორეზე გადავედი, ამაზე აქამდე არ მიფიქრია, თუმცა ახლა, როცა ჩემს გარშემო ისევ გაჩნდა ადამიანების წრე, რომლებიც ყველანი ერთად და თითოეული ცალ-ცალკე ძალიან მნიშვნელოვნები გახდნენ, არ მინდა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ამ ურთიერთობიდან მხოლოდ “აკაციის ყვავილის სურნელი” დამრჩეს. სწორედ ამაზე ვფიქრობდი მთელი გზა, როდესაც ორი დღით მესხეთში წასვლა გადავწყვიტეთ და მივდიოდით კიდეც. წინა გასვლისგან განსხვავებით, ახლა უკვე გავმრავლდით და სამი მანქანით წავედით. არაჩვეულებრივი, ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო გასვლა იყო, საკუთარ თავს მემილიონედ რომ აღმოგაჩენინებს და კიდე შენს გარშემო მყოფებშიც რომ ნახავ ახალს, აქამდე უცნობს. თუმცა ასევე დამიტოვა ზუსტად ისეთივე შეგრძნება, რაც “ბავშვობის მოგონებების” უჯრის გახსნის დროს მაქვს ხოლმე  შიში.

იქიდან გამომდინარე, რომ წინა ბლოგში, რომელიც მიჯნის ყურეში ჩვენს მოგზაურობას ეხებოდა, ჯერ გაგაცანით ჩემი თანამოლაშქრენი და მერე გადავედი უშუალოდ იმის თხრობაზე, თუ რა ხდებოდა ორი დღე, ახლაც დავიცავ ტრადიციას და გაგაცნობთ იმ ადამიანებს(რა თქმა უნდა  სუბიექტური დახასიათებაა)რომლებიც დაგვემატენ. ასევე მინდა, ავღნიშნო, რომ ამ მოგზაურობაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც აქამდე ჩემთვის უცნობნი იყვნენ და ჩემს პირველ შთაბეჭდილებას დავწერ. მოკლედ ვიწყებ: გიორგი ოთარაშვილი, იგივე “როდეო”(როდეო რატომ ჰქვია ცალკე ისტორიაა და მაგისთვისაც მოვიცლი) გავიცანი კახისის ტბის გასვლაზე, საკმაოდ რთული და გარდამტეხი გალაშქრება აღმოჩნდა ეს ტური და გიორგიც ერთ-ერთი დასამახსოვრებელი პერსონაჟი იყო, ერთი შეხედვით ხისტი, რადიკალისტური აზროვნების ტიპს ჰგავს, უცნაური იუმორით, ძალიან გურწფელი, პირდაპირია, ჩემთვის საინტერესო კილო აქვს, ასევე საინტერესო მსჯელობების გაჩაღებაა შესაძლებელი. მთლიანობაში შეიძლება ჩათვალო რომ ერთი შეხედვით არ შეიძლება დაგამახსოვრდეს, თუმცა ეს ასე არაა. მას დიდიხანი არაა რაც ვიცნობ, ასე რომ უფრო მეტს ვიტყვი შემდეგში 🙂 ერეკლე ტურაშვილი – მისი სახელი და გვარი ბევრმა არ იცის ჩვენთან, რადგან ყველა ერიკ ვან ტურექსა-ს სახელით იცნობს, ის უბრალოდ ტურექსაა და აქ ყველაფერია ნათქვამი, ვერ იტყვი ძალიან ხალისიანი, ენაწყლიანი და მჭერმეტყველიაო, მაგრამ მის  გვერდით შანსი არაა ვერ მოიწყენ, უბრალოდ უცბად შეიძლება ისეთი სასაცილო რაღაც “გააძროს”, რომ მთელი დღე იცინო, კიდე აქვს თავისი ცეკვის მიმდინარეობა, მისი პლასტიკით უბრალოდ აღფრთოვანებას ვერ დამალავთ ^_^  გიორგი როსებაშვილი –  იგივე “როსება”, ყველაზე უწყინარი, მშვიდი ტიპი. როგორც ამ გასვლისას აღმოვაჩინე აარაჩვეულებრივი თეთრი ღვინის პატრონია, საურთიერთობოდ ძალიან მარტივია, ადვილად ურთიერთობ და საუბრობ, ყველაზე მეტად კი მშურს რომ მისსავით არ შემიძლია თხილამურით სრიალი, ასე მგონია არასდროს არავისთვის უწყენინებია, კიდე ყველაზე მაგარი ტრაკი აქვს მსოფლიოში :))) შედავებაც არ სცადოთ 😉 მსუქანი კი არა თან, ათლეტური და მამაკაცურია 🙂  ზურა გაფრინდაშვილი – იგივე ზუკა, იგივე ყველაზე ძალიან ლამაზი, აქ დავწერდი, რომ ის აი იმ მინდიას ძმაა, ძლიერი ენერგეტიკა, რომ აქვს და ჩემს ბანძ ენერგეტიკას რომ მიჩაგრავს-მეთქი, მარა ზუკა არ არის მინდიას ძმა, ის არის ზუკა, აი ასე…. ყველაზე პატარაა – ასაკით, თორე ესეც როსებასი არ იყოს, კი არის ათლეტური და მამაკაცური. სანამ ამ გასვლაზე წავიდოდით დიდიხანი არ მყავდა ნანახი ლაშქრობაზე, ჰოდა რაღაცნაირად სხვანაირი კი მეჩვენა, თითქოს ცდილობდა ჩვეული ხუმრობებით, გიჟობებით, სიმღერევით გავემხიარულებინეთ, მაგრამ ერთი რაღაც უშლიდა აშკარად ხელს – კი მინდოდა მეთქვა “ზუკა, დაგიჭრი ახლა მაგ ტელეფონსო”, მაგრამ ის ხომ ყველაზე ლამაზია და მუტრუკი ყიზის ნაშაა :)) ზუკა არის ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე პოზიტიურად განგაწყობს, ყველა დაძაბულობას განმუხტავს, ასაკთან შედარებით ჭკვიანია საკმაოდ,კიდე ყურაადღების გაფანტულობა სჭირს მემგონი, მაგრამ ეგ იცის მაგ ასაკში, კრიზისი ხომ განვითარების ყველაზე კარგი საშუალება, ჰოდა მგონია რომ ეს ის ადამიანია, რომელიც ბევრს ისწავლის და გაიზრდება, ჩვენთან ერთად თუ უჩვენოდ, მეც ბევრ რამეს ვსწავლობ მისგან, შეიძლება ის ვერ ამჩნევს მაგრამ ასეა 🙂 😉 გადავიდეთ ჩვენს სტუმრებზე, რომლებიც წყალამ და უჩამ წამოიყვანეს. შოთა- წყალას სტუმარი და ნინო უჩას მეგობარი – სამწუხაროდ გვარი არ ვიცი არცერთის :/ იქცეოდნენ ტიპიურად, ისე როგორც უცნობ “სასტავში” ნებისმიერი მოიქცევა, გვაკვირდებოდნენ, გვზომავდნენ, ქვეშიდან რომ იხედებოდნენ და ჩვენს იდიოტურ ხუმრობებზე ოდნავ იღიმოდნენ, ბევრს არ საუბრობდნენ, იმედი მაქვს არ ჩათვალეს რომ სრული გიჟები ვართ და არ თქვეს:” ამათთან მეორედ როგორღა წავალო”. საერთო ჯამში საკმაოდ ჭრელი და მრავალფეროვანი გუნდი ვიყავით.

წასვლის დილას გავიგე რომ თურმე უდეში დავითთან სსახლში ვრჩებოდით, მე კიდე კარვითა და პარალონით ახორხლილი ველოდებოდი უჩას, რომელსაც გიოსთვის უნდა გაევლო დამერე ჩემთვის. ამის შემდეგ სამივე მანქანა შევიკრიბეთ გორში,სადაც წყალა,მისი მეგობარი და როსება უნდა აგვეყვანა, როსებამ ცხელი ხაჭაპურები გვაჭამა და დავითის მანქანაში ორი ღვინით სავსე 6 ლიტრიანი ბალონები შეაგდო :)) გავუდექით გზას, მანქანაში მაქსიმალურად ვცდილობდით არ მოგვეწყინა, პანდა ჩაწეულ ფანჯარაში იჯდა და თმაგაშლილი დაჯის წითელი რაშივით ჰაერს მიაპობდა, არას დაეძებდა გაყინვას. ზუკა დროდადრო სიმღერას აყვებოდა ხოლმე და მღეროდა, დაჯი კონცეტრირებულიი იყო საჭეზე და გზაზე, ყიზს კი ეს ყველაფერი ეკიდა, ჩვენც ვეკიდეთ, გზაც,მხიარულებაც, სასმელი არ ეკიდა ეგაა. 🙂 გვშიოდა… ფორიას ვესტუმრეთ( არაკომერციული რეკლამა) ძაალიან გმრიელი, მწვადი მივირთვით, კიტრი-პომიდვრის სალათაც დავაყოლეთ, მინდიას კონიაკიც გამოვცალეთ , ოთხი თუ ხუთი სახარების ვთქვით და ასე ბედნიერებმა განვაგრძეთ გზა. ოდნავ შეზარხოშებულებმა აწყურის ციხიდან გადავხედეთ დალოცვილ მხარეს. არაჩვეულებრივი ხედები იშლება გარშემო. ჩამოვბობღდით ციხიდან, წავედით პირდაპირ უდეში, დავტოვეთ ჩანთები და ყველა ის ნიივთი რაც არ გვჭირდებოდა, აამ დღის გეგმა იყო, რომ გვენახა თრიალას ტბა, შემდეგ კი მოვბრუნებულიყავით უდეში, რათა განგვემართა ნადიმობა იგი საკუირველი, უი რაც გამომრჩა ისაა, რომ გამოვიარეთ ხაშურის ბაზარში და ვიყიდეთ პროდუქტი, დაჯიმ აქაც ნახა ნაცნობი, ბავშვობის მეგობარი, მაგარია :))) ჰოდა ამ საჭმელისთვის მუსრის გავლება იყო შემდეგი მიზანი. სანამ ბიჭები მწვადს წვავდნენ, ჩვენ -გოგოებმა, დანარჩენ საჭმელს მივხედეთ და შევუდექით ჭამა-სმას. მინდიას დიდი უარისა და ვაი-ვაგლახის 😉 მიუხედავად ის დაინიშნა თამადად, ორჯერ ვცადე იმპიჩმენტი, მაგრამ ვერ შევაგროვე ხმები , აი ასე გვაჩმორებს ყველას 🙂 😉 ყველაფრის შეჭმისა და დალევის შემდეგ, ვიგრძენი დრო იყო ძილის, სხვას ვერაფერს ვგრძნობდი, დავწექი და იჰააა, ყველაფერი ტრიალებდა, ამის გამო ბალიში მაღალზე დამიდო დაჯიმ ❤ გამთენიისას კისერი მეტკინა მაღალზე თავის დებისგან და გვერდზე საწოლზე გადავაგდე ბალიში, რომელიც თურმე ასე სჭირდებოდა ჩემს გვერდით მძინარე ყიზეს, რომელსაც ფერდები საშინლად ტკიოდა საწოლის მაგარ მხარეს წოლის გამო და კისერი დაჭიმული ჰქონდა ბალიშის არ ქონის გამო :)) მეორე დღეს ყველანი ნელ-ნელა ავიკრიფეთ ლოგინებიდან, ვისაუზმეთ დარჩენილი საჭმელით და წავედით ზარზმის სანახავად, ზარზმამ ჩემზე ძალიან მაგარი შთაბეჭდილება დატოვა, ძალიან ლამაზი ფორმაა აქვს, ასევე ძალიან ესთეტიკურია მისი სახურავი, მოხატულობაც საუცხოოა, ასევე ალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ბერმა, რომელიც ზარზმის მამათა მონასტერში მორვაწეობს, ძალიან საინტერესოდ და ყოველგავრი თავზე მოხვევის გარეშე გვიყვებოდა ისტორიას. ზარზმა დავტოვეთ და ჭულეში წავედით, ეს ტაძარი ძალიან ლამაზ ადგილზეა, ეს ადგილი ბოლომდე შეჭრილია ხეობაში,სამი მხრიდან კლდოვანი კედლები აკრია, , აქაურობა ჯერ ისეთი მწვანე არ იყო, როგორსაც ველოდი,ტაძრის ზემოთ ძალიან ლამაზი წყალვარდნია, მისი ფრესკები, ისევე როგორც უამრავი ტაძრის  დაზიანებულია და ვანდალების მიერაა დაჩხაპნილი :/ ჭულეს დატოვების შემდეგ გავემართეთ ოქროს ციხესაკენ, ეს ციხე საკმაოდ დიდი კომპლექსი იყო, ახლა რამდენიმე კედელია დარჩენილი, ის ათაბაგების ციხე იყო როგორც ვიცი და საკმაოდ სტრატეგიულადაც მიიჩნეოდა. ოქროს ციხემდე მანქანებით ვერ მივიდოდით, ამიტომ იქვე ახლოს ერთ-ერთ სოფელში დავტოვეთ და გზა გავაგრძელეთ, ყიზის გარდა ყველამ, მაგან დრო ატარა და მანქანაშ დაიძინა, დანარჩენები ავედით ციხეზე, საიდანაც მთელი თავისი დიდებულებით  მესხეთის პეიზაჟები მოსჩანდა. ჩვენთან ახლოს ყველაფერი ხასხასა  მწვანედ ჩანდა, რაც უფრო შორს გაიხედავდი,მით უფრო მუქდებოდა გარემო, ჯერ მუქ მწვანედ, შემდეგ ლურჯად და ბოლოს ჰორიზონტზე ნაცრისფრად მოსჩანდა მესხეთის ქედი, ძალიან ლამაზია ეს მხარე ამ დროს, ილამაზესი ხედები და ძალიან საინტერესო ძეგლებით. შორს ჰორიზონტთან ახლოს შავი ღრუბლები ისე ჩამოწოწილიყვნენ თითქოს ვიღაცამ ნაცრისფერი ფარდა ჩამოაფარა ცასო, ჩვენსა და ფარდასშორის, მწვანედ მოლივლივე ოკეანე ჩქეფდა, ქარი ფარდას აფრიალებდა და ნელ-ნელა ჩვენსკენ მოჰქონდა, ამიტომ საჭირო იყო დროულად ჩამოვსულიყავით მანქანებამდე, უკანა გზაზე მე ზუკა და დაჯი ადრე წამოვედით, გზაში ერთმა თქვა მე უფრო მოკლე გზა ვიციო და…… არა ვიტყუები არავის უთქვამს, უბრალოდ უფრო გრძელი გზიტ დავრბრუნდით, ამიტომაც დანარჩენებმა მიგვასწრეს. ასე ჩავსხედით მანქანებში და დავიწყეთ თბილისისკენ წამოსვლა.

ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, თუ რა შუაში იყო შესავალი შემდეგში განვითარებულ თხრობასთან? ლოგიკური კითხვაა! ამ გალაშქრებამ მიმახვედრა, რომ მე მუდამ შეყვარებული ვიყავი წარსულზე და მომავალზე, მუდამ ჩაბღაუჭებული ვარ წარსულს, განვიცდი დანაკარგებს, რაც მასთან მაკავშირებს და ეს დანაკარგები, ყოველთვის სუნთან ან რაიმე ხმებთანაა დაკავშირებული, ან მომავლის გეგმებით ისე ვარ გაბრუებული მავიწყდება აწმყო, ახლა და აქ…. მე არასდროს ვარ ახლა და აქ! მაგრამ დავბრუნდი თუ არა თბილისში, მივხვდი იმასაც, რომ ამ ადამიანებთან ერთად სადმე სალაშქროდ წავალ, თუ უბრალოდ ბარში დავჯდები, ვგრძნობ როგორია აწმყო, თითქოს ძაფი არიან, ჩემსა და რეალურ სამყაროს შორის, ამ დროს ვგრძნობ, რომ მე ვარ აქ და ახლა! ჰოდა აღარ მეშინია, არც წარსულის, არც მომავლის, მე უბრალოდ ვარ მათთან ერთად ამ წუთას.

საკუთარ თავს ვუსურვებ, დიდხანს შემეძლოს მათთან ერთად ჯანდაბის იქით გალაშქრება, ტყე-ღრის მონახულება, ულამაზესი ხედებით ტკბობა, მზის ჩასვლისა და ამოსვლის ცქერა, გაყინვა, წყალში ტყაპანი, საშინელი სიცხის გაძლება…… მათ კი ვუსურვებ არასდროს მობეზრებოდეთ ის, რამაც ერთმანეთს ასე დაგვაკავშირა – ლაშქრობა!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მე კვლავ ცოცხალი ვარ

9b793cff577b4ed2cfdbe494d8224a45ღია მეტროსადგურის ბაქანზე ვიდექი, ოდნავ გრილოდა, სუსტი ქარი იასამნის ხეებს აქეთ-იქეთ არწევდა და გარემოს მისი მომაჯადოებელი სურნელით ამარაგებდა. ჰაერში ნამდვილი გაზაფხულის სურნელი იდგა, მკვდარს რომ გააცოცხლებს და ყველაზე მელანქოლიკ, სუიციდისკენ მიდრეკილ ადამიანს სიცოცხლეს რომ მოანდომებს. მთელი დღე საოცრად მცხუნვარე მზე იყო, ძვლებს რომ გითბობს ისეთი, ნაშუადღევს ცოტა წამოწვიმა და ამის შემდეგ ჰაერში ნამდვილი გააზაფხულის სურნელი დატრიალა, ღრმად ვისრუტავდი ამ საოცარ ჰაერს, ერთმანეთს ერეოდა იასამნის, ახლად მოცელილი ხასხასა მწვანე ბალახისა და  ნაწვიმზე მზისაგან გავარვარებული ასფალტის სუნი. ვიდექი ბაქანზე და ვფიქრობდი რა ცოტა რამაა საჭირო ადამიანის ბედნიერებისათვის, ხანდახან, როცა ემოციურად გადამწვარი ვარ, ვტოვებ საკუთარ თავს და გარედან ვუყურებ ჩემს სხეულს გარემოში მის ქცევას, ახლაც ეს დამემართა, ვხედავდი, როგორ ვიდექი საშუალო სიმაღლის,მოკლედ შეჭრილი თმებით, მეცვა თხელი, ნაქარგებიანი ზედა, კრემისფერი შარვალი და ფეხსაცმელი, სალათისფერი ყურთსასმენები მეკეთა და მსუბუქი მოძრაობით მუსიკის რითმევს ვყვებოდი, ხელით ისეთ მოძრაობებს ვაკეთებდი თითქოს ჰაერში რაღაცას ხაზავენო, თავში თითქოს რაღაც ამიფეთქდა, თვალები ცოტახანს დახუჭული ჰქონდა და თითქოს რაღაც მნიშვნელოვნის მოლოდინშია, გატრუნული იდგა …..  საშინელი ხრიალით, გრიალითა და გმინვით შემოიჭრა ბაქანზე მატარებელი, ყველა სამსახურებიდან ბრუნდებოდა და  ვაგონები გადავსებული იყო, ჩემს სადგურზეც უამრავი ადამიანი ელოდა. მატარებელი უზარმაზარი მუხლუხოსავით გაწოლილიყო , თავის სამყაროსკენ მიმავალი კარი გააღო და წამიერად მისი მუცლიდან ხალხის ნაკადი გადმოიღვარა, ამ დროისთვის ბაქანზე მყოფი მგზავრები მოთმინებით ველოდით ჩვენს რიგს, რათა მისი გაჩახჩახებული, ჭრელი სამყაროსკენ წავსულიყავით, ზოგიერთი ძალიან ცნობისმოყვარე და მოუთმენელი აღმოჩნდა და ისე შევარდა მის მუცელში, სანამ იქედან გადმომსველი შვილუკები დაასრულებდნენ გამოღწევას, რის გამოც ერთი კარგი ჯიგრული შეკურთხებაც დაიმსახურეს. როგორც იქნა შევედი ვაგონში, დაიძრა მუხლუხოც, ჯერ თავიდან თითქოს შეიშმუშნა, ნელ-ნელა მოძრაობას უმატა და ბოლოს რიხინითა და ჯაყჯაყით სრული სიჩქარით გაგვაქანა ბნელი გვირაბისაკენ, რომლის ბოლოშიც ალბათ არის სინათლე, ამ ხმაურს ერთვოდა და ტემპში სრულად აჰყვა ჩემი ყურთსასმენებიდან გადმოღვრილი ვარდრუნას სიმღერა- Dagr, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს იქ ვიყავი და თან არ ვიყავი, უბრალოდ გადავწყვიტე ვაგონში მყოფ ადმიანებს დავკვირვებოდი, რაღაც საინტერესო სიჭრელე იყო, გარეთ არსებული სიბნელისგან განსხვავებით, მუხლუხოს შიგნით სინათლე და სიჭრელე იყო, ჩემს წინ ორი კათოლიკე მონაზონი, კრიალოსნით ხელში, მდუმარედ იდგა  და არაფრისმთქმელი მზერით მიშტერებოდა კარს, მათ გვერდით ახალგაზრდა გერმანელი წყვილი,უზარმაზარი სალაშქრო ჩანთებით იდგნენ და ერთმანეთს, ეშმაკურად უყურებდნენ, დროდადრო ბიჭი ნაზად კოცნიდა ლოყაზე, საყვარლები ❤ მათ უკან და ჩემს მარცხნივ კიდევ ერთი წყვილი იყო, ამჯერად ქართველები, გოგონა იჯდა, ბიჭი ზემოდან დაჰყურებდა, გოგოს ვერ ვხედავდი, ბიჭი  აშკარად არ გამოიყურებოდა შესაშურად, ყველაფერი რაც ეცვა – შარვალი, პერანგი, ტანზე შემოტმასნილი ჟილეტი, თავზე გაკეთებული სათვალე, მაჯაზე საათი,საშინლად ვულგარული და ყალბი იყო, ამაყად იყურებოდა, საკუთარ სიყალბეში გაჟღენთილი და საკუთარ შესაშურ გარეგნობას ვაგონის ფანჯარაში ამოწმებდა, ჩემს მარჯვნივ ქალი და კაცი ისხდნენ, ასე 35-40 წლის, ქალი სიმპატიური, სასიამოვნო გარეგნობის იყო, კაცს წარბები აწეული და შეჭმუხნული ჰქონდა, უკმაყოფილობას გამოხატავდა მგონი, ამ დროს ყურთსასმენები მოხსნილი  მქონდა და მატარებლის ხრიალში ბუნდოვნად მესმოდა რამდენჯერმე რომ უთხრა კაცმა ქალს „ცოლად რომ მიყვებოდი, გიყვარდა შე დედამოტყნულოო?“ ქალი თავჩაქინდრული იჯდა და ხმას არ იღებდა… ჩემს მარცხნივ მოპირდაპირე მხარეს მოხუცი კაცი იჯდა, გრძელი „პლაში“ ეცვა კრემისფერი, ლამაზად მოვლილი თეთრი თმა და  მოკლე წვერი ჰქონდა, ოდნავ იღიმებოდა და საოცრად მშვიდი მზერა ჰქონდა, ხელში ნარცისების თაიგული ეჭირა…. ამასობაში ერთ-ერთ სადგურზე იმდენი ხალხი ამოვიდა, ვაგონის კედელს ამაკრეს და განძრევისა და სუნთქვის საშუალებაც არ მქონდა.  ბავშვები ხმამაღლა იცინოდნენ, გაბადრული, აწითლებული სახეები ჰქონდათ, მათში გაზაფხული იგრძნობოდა….  სულ მალე კი ვაგონში გაისმა ხმა „ბოლო გაჩერება, გთხოვთ დაცალოთ ვაგონები“, მხოლოდ ამ წუთს აღმოვაჩინე რომ ჩემს სადგურს გავცდი და ბოლო გაჩერებაზე აღმოვჩნდი…. გამეღიმა…. სასიამოვნო დღე იყო…. ჩემს ყურსასმენებში კი მთელი სიძლიერით ისმოდა სიმღერა, ტომ იორკის მელანქოლიური ხმა, მისი სიმღერა უკვე საერთოდაც აღარ ჩანდა ისეთი შემაძრწუნებლად დეპრესიული, როგორც არის ხოლმე :

„Cracked eggs, dead birds

Scream as they fight for life

I can feel death, can see its beady eyes

All these things into position

All these things we’ll one day swallow whole

And fade out again and fade out again“

ასე დასრულდა ერთი მშვენიერი მზიანი, გაზაფხულის დღე…

…..მიყვარს გაზაფხული, განსაკუთრებით აპრილი, ის ჩემი თვეა და იცის მან ეს, ყოველთვის ცხდილობს მასიამოვნოს, სიცოცხლის ძალა მომცეს, მოულოდნელობებითა და სიურპრიზებით სავსეა, ამ წუთას მზე რომ ანათებს, მეორე წუთს თავსხმა წვიმაა, გარემო ნათელფერებს ჩაუყლაპავთ და საოცრად პოზიტიურად გმუხტავს… თითქოს მკვდარი იყავი და გაცოცხლდი, თითქოს ბნელ,ცივ ბუნაგში იყავი და დააღწიე თავი, თითქოს საშინელ ილუზიაში ცხოვრობდი და ფერად სამყაროში აღმოჩნდი, თითქოს სამყაროს სუნი დაგეკარგა და კვლავ იპოვე, თითქოს სიკვდილში დატოვე საკუთარი „მეს“  ბნელი  ნაწილი და სამყაროს ახლად შექმნილ პიროვნებად დაუბრუნდი, თითქოს კანი გამოიცვალე, ისე როგორც ამას გველი აკეთებს, ფერმკრთალი, გაუხეშებული , ჭუჭყიან ხავსზე დატოვე და ახლა ვარდისფერი ფაფუკი, ნაზი კანის ქვეშ ხედავ როგორ გამალებით მოძრაობს სისხლი ლურჯად შეფერილ სისხლძარღვებში, თითქოს გულს  ეძინა და სისხლის ნაკადმა ფეხზე წამოაგდო, სარბენ ბილიკზე შეახტომა და სრული ფიტნეს კურსი დაუნიშნაო….. ასეთია ეს გიჟი აპრილი და შენც გაგიჟებს, გაფეთქებს, ტვინში ფოიერვერკს გიწყობს და დადიხარ გაღიმებული, გამთბარი და იმედით სავსე ❤

ალენ გინსბურგი – „ყმუილი“

howlმე ვიხილე ჩემი თაობის ყველაზე ჭკვიანი ხალხი, მისული სიგიჟის პირას მოშიმშილე, შიშველი და ისტერიული……

….ვინც ღამღამობით სარკინიგზო სადგურებში წრიალებდა წასასვლელის ძებნაში და ისე წავიდა, არავის დაწყვიტა გული.

….ვინც  ანთებულ სიგარეტებს იწვამდა მკლავზე, კაპიტალიზმის ნარკოტიკული ბინდისადმი პროტესტი ნიშნად.

….ვინც ვენები გადაიჭრა ზედიზედ სამჯერ წარუმატებლად, დაანება მერე თავი ამ საქმეს და ანტიკვარული სალონი გახსნა, სადაც საკუთარ სიბერეზე ფიქრობდა და თან ცრემლებს ღვრიდა.

…ვინც ანთებულმა პროტესტის ჟინით ერთადერთი სიმბოლური პინგ-პონგის მაგიდა ააყირავა და მცირე ხნით ნერვულმა სპაზმმა მოჰგვარა შვება.

ბრბოები! ქალაქი, აყვანილი სამოთხემდე,რომელიც ყველგანაა ჩვენს ირგვლივ!

ხილვები!წინათგრძნობები!ჰალუცინაციები!ამერიკულმა მდინარემ წაიღო!

ოცნებები!თაყვანისცემები!გასხივოსნებები!რელიგიები!სენტიმენტალური მონაჩმახით დატვირთული ნავები! გარღვევები!მდინარის გაღმა!დარტყმები და ჯვარზე გაკვრები!წყალმა წაიღო!სიმაღლეები!ნათლისღებები!სასოწარკვეთილებები!ცხოველური ღრიალისა და თვითმკვლელობების ათწლეულები!უჭკვიანესნი!ახალი სიყვარულები!ჭკუაზე გადასული თაობა! დროის კლდეებზე დაილეწა! ჭეშმარიტად წმინდა სიცილი მდინარიდან!მათ ყველაფერინახეს! ველური თვალები! წმინდა წამოყვირებანი! ისინი დაემშვიდობნენ! მათ ისკუპეს სახურავიდან! მარტოობისკენ! ხელის ქნევით! ყვავილებით! ქვემოთ, მდინარისკენ! ქუჩაში!

… მე ვარ შენთან ერთად როკლენდში, იქ, სადაც თავის ქალა ვეღარ იტევს მგრძნობელობის ჭიებს.

პირველი დახმარების აღმოჩენის ზოგადი პრინციპები

 

  • პირველი დახმარების მნიშვნელობა
  • მოქმედების გეგმა პირველი დახმარების აღმოჩენის დროს
  • პირველი დახმარების ანბანი
  • გულ-ფილტვის რეანიმაცია

 

პირველი დახმარების მნიშვნელობა

ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ალბათ ხშირია უბედური შემთხვევა, ამიტომაც სემტხვევის ადგილზე მნიშვნელოვანია თქვენს მიერ დამოუკიდებლი, სწორი გადაწყვეტილების მიღება და აქტიური ქმედება. ალბათ შეგხვედრიათ ქუჩაში უგონო მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ან ყოფილხართ სიტუაციაში, როცა თქვენს ახლობელს ესაჭიროება დაუყოვნებელი დახმარება და  პირველ წუთებში მარტო ხართ

 რა არის პირველი დახმარება?

ეს არის დახმარების სწრაფად და სწორად გაწევა ადამიანისთვის, რომლის ჯანმრთელობას უეცრად საფრთხე დაემუქრა. მისი შემდგომი ბედი ხშირად თქვენს სწორ ქმედებაზეა დამოკიდებული. პირველი დახმარება რთული არ არის. ზოგჯერ ძალიან მარტივი ხერხით შეიძლება გადაარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე,  დაეხმაროთ მას ექიმის მოსვლამდე.

 პირველი დახმარების მიზანი:

  • დაზარალებულის (ადამიანი, რომელიც ცუდად არის და ესაჭიროება დახმარება) სიცოცხლის გადარჩენა;
  • დაზარალებულის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილება;
  • გამოჯანმრთელების ხელშეწყობა.

  მოქმედების გეგმა

უბედური შემთხვევის დროს თქვენი ქმედებები ზუსტად უნდა იყოს დაგეგმილი. გახსოვდეთ, რომ თქვენი მოქმედების გეგმა შემდეგი საფეხურებისაგან უნდა შედგებოდეს:

  • შემთხვევის ადგილის დათვალიერება/სიტუაციაში გარკვევა;
  • უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • პირველი დახმარების გაწევა;
  • დახმარების დროული მოხმობა.

 შემთხვევის ადგილის დათვალიერება/სიტუაციაში გარკვევა.

თქვენ უნდა მიუახლოვდეთ შემთხვევის ადგილს სწრაფად და მშვიდად. უნდა ეცადოთ მოკლე დროში შეაგროვოთ მაქსიმალური ინფორმაცია. პირველ რიგში თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ საფრთხე არ გემუქრებათ თქვენ, დაზარალებულს და თვითმხილველებს. ასევე საჭიროა სწრაფად შეაფასოთ, თუ რა სახის დახმარება გჭირდებათ და რისი გაკეთება შეგიძლიათ დამოუკიდებლად. აუხსენით  დაზარალებულსა და თვითმხილველებს, რომ თქვენ შეგიძლიათ პირველი დახმარების გაწევა.

პირველ რიგში დარწმუნდით:

  • არის თუ არა გარემოში საფრთხე?
  • არის თუ არა ვინმეს სიცოცხლე საფრთხეში?
  • არიან თუ არა თვითმხილველები,  შეუძლიათ დახმარება?
  • გჭირდებათ თუ არა სპეციალისტის დახმარება?

 უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ის გარემოება, რომელმაც გამოიწვია დაზარალებულის მდგომარეობის დამძიმება, შეიძლება კვლავ მოქმედებს და საფრთხეს წარმოადგენს. ხშირად ძალიან მარტივი ხერხებით შეიძლება გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა (მაგალითად, ძრავის გამორთვა, თუ ავტოავარიის შემდეგ მანქანა დაქოქილია). არასოდეს არ ჩააგდოთ თქვენი და დაზარალებულის სიცოცხლე საფრთხეში და ნუ ეცდებით გააკეთოთ ის, რაც აღემატება თქვენს შესაძლებლობებს. თუ თქვენ არ შეგიძლიათ დაზარალებულის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ეცადეთ მოაშოროთ საშიშროების წყარო დაზარალებულს. თუ ამის გაკეთება არ შეგიძლიათ გადაიყვანეთ დაზარალებული უსაფრთხო ადგილას. გახსოვდეთ, ზოგჯერ გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საჭიროა სპეციალური სამსახურების (პოლიცია, სახანძრო, გაზის სამსახური) გამოძახება.

 

პირველი დახმარების აღმოჩენა.

მას შემდეგ, რაც დარწმუნდით გარემოს უსაფრთხოებაში, გაუწიეთ დაზარალებულს პირველი დახმარება (პირველი დახმარების ანბანი)

 დახმარების დროული მოხმობა.

შემთხვევის ადგილზე თქვენ შეიძლება ერთდროულად დაგჭირდეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფა, გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის გამოძახება ტელეფონით, პირველი დახმარების გაწევა. ამიტომ დროულად მოუხმეთ დახმარებას. თუ დაგჭირდეთ სასწარაფო სამედიცინო სამსახურის გამოძახება, მიეცით დისპეტჩერს (ადამიანს, რომელსაც ელაპარაკებით) ზუსტი ინფორმაცია:

  • თქვენი ტელეფონის ნომერი;
  • თქვენი მისამართი (უბედური შემთხვევის ადგილმდებარეობა);
  • რა უბედური შემთხვევა მოხდა და რამდენად სერიოზულია ის (მაგალითად, ავტოავარია, ორი მანქანა დაზიანდა, სამი ადამიანი დაზარალდა);
  • დაზარალებულთა რაოდენობა, სქესი, ასაკი და ზოგადი მდგომარეობა (მაგალითად, ბავშვი, სამი წლის, აქვს სისხლდენა ხელიდან);
  • ნებისმიერი სხვა საჭირო ინფორმაცია.

 

 პირველი  დახმარების ანბანი

შემთხვევის ადგილზე დაზარალებულისთვის პირველი დახმარების გაწევის დროს გამოიყენება სიცოცხლის შენარჩუნების ძირითადი ალგორითმი – DRABC (doctor ABC) ალგორითმი:

D – Danger – გარემოს უსაფრთხოება;

R – Responsiveness – ცნობიერების დონის შემოწმება;

A – Airway – სასუნთქი გზები;

B –  Breathing – სუნთქვა;

C –  Circulation– ცირკულაცია

 

D – Danger – გარემოს უსაფრთხოება.

პირველ რიგში დარწმუნდით, რომ თქვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება; წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიძახეთ სათანადო სამსახური (მაგ. ხანძრის დროს სახანძრო). შემდეგ დარწმუნდით, რომ საფრთხე არ ემუქრება დაზარალებულს. თუ გარემოში  დაზარალებულისთვის რაიმე საშიშროებაა, ეცადეთ მოაშოროთ იგი და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გადაიყვანეთ დაზარალებული უსაფრთხო ადგილას.

R – Responsiveness – ცნობიერების დონის შემოწმება.

ნაზად შეანჯღრიეთ დაზარალებული მხრებით და ერთდროულად ჰკითხეთ: ”როგორ ხარ?” თუ დაზარალებული არანაირად არ პასუხობს (არ ლაპარაკობს, არ ახელს თვალებს, არ ამოძრავებს სხეულს),  ის უგონო მდგომარეობაშია. ასეთ შემთხვევაში  იმოქმედეთ შემდეგი თანმიმდევრობით.

A – Airway – სასუნთქი გზები.

უგონო მდგომარეობაში მყოფი დაზარალებულის სასუნთქი გზების დახშობის უხშირესი მიზეზია ენა, თუ დაზარალებულს არ გადაუწიეთ თავი უკან და ნიკაპი წინ წამოწიეთ,  ეს გახსნის სასუნთქ გზებს და თავიდან აიცილებთ სასუნთქი გზების დახშობას ენით,   ტრავმის შემთხვევაში სასუნთქი გზების გახსნა ხდება თავის უკან გადაწევის გარეშე.

   
სასუნთქი გზების დახშობა ენით   სასუნთქი გზების გახსნა თავის უკან გადაწევით და ნიკაპის წინ წამოწევით   სასუნთქი გზების გახსნა ტრავმის დროს – ქვედა ყბის წინ წამოწევა თავის უკან გადაწევის გარეშე

B- Breathing– სუნთქვა.

მიიტანეთყური დაზარალებულის ცხვირთან და პირთან და 10 წმ განმავლობაში მოუსმინეთ სუნთქვას. ამ დროს გამოიყენეთ “3 ვ”- ს მეთოდი (ვუსმენ სუნთქვას, ვგრძნობ ჰაერის ნაკადს კანზე, ვხედავ გულმკერდის მოძრაობას). თუ სუნთქვა არ არის, გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური. თუ სუნთქვა არის, შეამოწმეთ სისხლის მიმოქცევა – ცირკულაცია.

 

სუნთქვის მოსმენა “3 ვ”-ს მეთოდით

 

C – Circulation – ცირკულაციის ნიშნები.

შეამოწმეთ დაზარალებულს აღენიშნება თუ არა სუნთქვა, ხველება და მოძრაობა. თუ ცირკულაციის ნიშნები არ არის, შეუდექით გულ-ფილტვის რეანიმაციას და გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური. თუ ცირკულაციის ნიშნები არის, გადაიყვანეთ დაზარალებული უსაფრთხო მდებარეობაში და შემდგომ გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური.

 

უსაფრთხო მდებარეობა.

  • თუ დაზარალებული არის უგონოდ, სუნთქავს და აქვს ცირკულაციის ნიშნები, ის უნდა მოთავსდეს უსაფრთხო მდებარეობაში. ამისათვის:
  • დადექით მუხლებზე დაზარალებულთან ახლოს. გაუშალეთ ხელები და ფეხები. ამოუღეთ ჯიბეებიდან მახვილი საგნები. ის ხელი, რომელიც თქვენთან ახლოსაა, მოათავსეთ ხელისგულით ზემოთ დაზარალებულს მენჯის ქვეშ;
  • თქვენი ერთი ხელი შეაცჰდეთ დაზარალებულის მეორე ხელს და მიუტანეთ  მოპირდაპირე ლოყასთან, თქვენი თავისუფალი ხელით მოუხარეთ ფეხი მუხლის სახსარში და გადმოაბრუნეთ დაზარალებული თქვენსკენ გვერდზე;
  • სხეულის გადმობრუნების შემდეგ დაზარალებულის თავი მოათავსეთ მისივე ხელის მტევანზე,
  • გახსენით სასუნთქი გზები, მოხარეთ  ფეხი მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებში 900-ით;
  • გაწიეთ დაზარალებულის მეორე ხელი გვერდზე, ისე რომ ის არ მოყვეს სხეულის ქვეშ.

გახსოვდეთ!

 

  • შემთხვევის ადგილზე ნუ აყვებით ემოციებს, იფიქრეთ, არ ჩააყენოთ თქვენი თავი საფრთხეში და იმოქმედეთ საღი გონებით;
  • ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი უსაფრთხოება: თქვენ ვეღარ გაუწევთ დახმარებას, თუ თვითონ დაზარალდებით;
  • ძალიან მნიშვნელოვანია, საჭიროების შემთხვევაში დროულად მოუხმოთ დახმარებას;
  • სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახებისას ილაპარაკეთ მოკლედ და მშვიდად, ნუ აყვებით პანიკას. არასოდეს არ დაკიდოთ ყურმილი პირველმა, რადგან შეიძლება დისპეტჩერმა დაგისვათ დამატებითი კითხვები;
  • დაზარალებულისთვის პირველი დახმარების გაწევის დროს იმოქმედეთ  DRABC ალგორითმის მიხედვით;
  • ნუ შეეცდებით გააკეთოთ ის, რაც აღემატება თქვენს შესაძლებლობებს.

 

 

გულ-ფილტვის რეანიმაცია მოზრდილებში

 

* გახსოვდეთ! გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩასატარებლად

 საჭიროა შესაბამისი საწრთვნელი კურსის გავლა.

ცნობილია, რომ სიცოცხლე შეუძლებელია ჟანგბადის გარეშე. დაზარალებულის სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით   საჭიროა ჟანგბადი საკმარისი რაოდენობით შედიოდეს ფილტვებში და სისხლის საშუალებით მიეწოდებოდეს სხეულის ყველა ნაწილს. ასე, მაგალითად, თუ თავის ტვინს – ორგანოს, რომელიც აკონტროლებს ადამიანის სხეულს, მუდმივად არ მიეწოდება ჟანგბადი, მისი ფუნქციონირება 3-4 წუთში ირღვევა. ჟანგბადის გარეშე დაზარალებული სწრაფად კარგავს ცნობიერებას, ჩერდება სუნთქვა და გულისცემა, რის შედეგადაც ვითარდება სიკვდილი.

ტვინში ჟანგბადის მიწოდებისათვის საჭიროა სამი პირობა:

  1. სასუნთქი გზები უნდა იყოს გამავალი;
  2. ადამიანი უნდა სუნთქავდეს;
  3. უნდა მუშაობდეს გული, რომელიც ჩვენს ორგანიზმში  ასრულებს “ტუმბო”-ს ფუნქციას და უზრუნველყოფს სისხლის უწყვეტ მოძრაობას, ჟანგბადის გადატანას ტვინში და სხვა მნიშვნელოვან ორგანოებში.

თუ გულის მუშაობა ჩერდება, საჭიროა დაუყოვნებლივი დახმარების გაწევა – გულის არაპირდაპირი მასაჟის ჩატარება. რადგანაც გულის გაჩერების დროს სუნთქვაც არ არის, საჭიროა ერთდროულად გავაკეთოთ ხელოვნური ვენტილაცია და გულის არაპირდაპირი მასაჟი, რათა მოხდეს ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების აღდგენა. გულის არაპირდაპირ მასაჟსა და ხელოვნურ სუნთქვას (ვენტილაცია) უწოდებენგულ-ფილტვის რეანიმაციას.

გულ-ფილტვის რეანიმაციის მნიშვნელობა.

უნდა გვახსოვდეს, რომ კლინიკური სიკვდილი, ანუ პერიოდი, როდესაც ჯერ კიდევ შესაძლებელია ორგანიზმის გაცოცხლება, შესაბამისი დახმარების გაწევის არარსებობის პირობებში გრძელდება 4-6 წთ, (მოყინვისა და ელექტროტრავმების დროს კლინიკური სიკვდილის პერიოდი შედარებით გახანგრძლივებულია), რის შემდეგაც ვითარდება ბიოლოგიური სიკვდილი, როდესაც დაზარალებულის სიცოცხლის გადარჩენა უკვე შეუძლებელია.  გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩატარებისას ეს კრიტიკული პერიოდი შეიძლება გავახანგრძლივოთ ექიმის მოსვლამდე, რითაც გაიზრდება ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შანსი.

მოქმედების თანმიმდევრობა.

თუ თქვენ შეხვედით ოთახში და ხედავთ, რომ იატაკზე წევს დაზარალებული. იწყებთ მოქმედებას სიცოცხლის გადარჩენის ძირითადი ალგორითმის(DRABC)მიხედვით:

  • ათვალიერებთ გარემოს რომელიც უსაფრთხოა თქვენთვის და დაზარალებულისთვის;
  • უახლოვდებით დაზარალებულს და ამოწმებთ ცნობიერებას, ამისათვის ანჯღრევთ მხრებზე  და ეკითხებით: ”როგორ ხარ?”;
  • თუ დაზარალებულის მხრივ არანაირი რეაქცია არ არის, ე.ი. ის უგონო მდგომარეობაშია და სასწრაფოდ საჭიროა დახმარების გაწევა;
  • სასუნთქი გზების გახსნა: უგონო მდგომარეობაში კუნთები მოდუნებულია. ენა, როგორც ერთ-ერთი კუნთოვანი ორგანო, მოდუნდება, გადაინაცვლებს უკან და დაახშობს სასუნთქ გზებს. ეს კი იწვევს სუნთქვის გაჩერებას. ამიტომ პირველ რიგში უნდა გაიხსნას უგონო მდგომარეობაში მყოფი დაზარალებულის  სასუნთქი გზები. გახსენით სასუნთქი გზები თავის უკან გადაწევის, ნიკაპის წინ და ზემოთ წამოწევის მეთოდით: გაუღეთ დაზარალებულს პირი და ჩახედეთ პირის ღრუში. თუ არაფერი არ ჩანს, მოათავსეთ ორი თითი დაზარალებულის ნიკაპის ძვლოვან ნაწილზე და წამოწიეთ ზემოთ. ამავე დროს მეორე ხელი დადეთ დაზარალებულის შუბლზე და გადაუწიეთ თავი უკან. თუ თქვენ ეჭვი გაქვთ თავის ან კისრის ტრავმაზე თავის უკან გადაწევა არ შეიძლება. ამით შესაძლებელია დაზიანების გაღრმავება. ამიტომ ტრავმის შემთხვევაში გამოიყენება სასუნთქი გზების გახსნის მეორე მეთოდი – ქვედა ყბის წინ და ზემოთ წამოწევა თავის უკან გადაწევის გარეშე. ამ მეთოდის შესრულებისთვის მოათავსეთ ორივე ხელის ცერა თითები დაზარალებულის ნიკაპზე, ხოლო საჩვენებელი თითები ქვედა ყბის კუთხეებში და წამოწიეთ ქვედა ყბა წინ და ზემოთ;
  • თქვენ ამოწმებთ სუნთქვას “3 ვ-ს” პრინციპით 10 წმ-ის განმავლობაში;
  • თუ სუნთქვა არ არის, საჭიროა ორი საკონტროლო ჩაბერვის გაკეთება. ამისათვის დაახშეთ დაზარალებულის ცხვირი საჩვენებელი და ცერა თითებით. (გახსოვდეთ, რომ საკონტროლო ჩაბერვის დროს სასუნთქი გზები უნდა იყოს გახსნილი!). შეისუნთქეთ ჰაერი და მოათავსეთ თქვენი ტუჩები დაზარალებულის პირზე ჰერმეტულად (ისე, რომ ჩაბერვისას ჰაერი არ იპარებოდეს). ჩაბერეთ ჰაერი დაზარალებულის პირში მანამ, სანამ გულმკერდის კედელი არ აიწევს. თითოეული ჩაბერვის ხანგრძლივობა უნდა იყოს დაახლოვებით 2 წმ. მოაშორეთ ტუჩები და მიეცით ჰაერს დაზარალებულის სასუნთქი გზებიდან გამოსვლის საშუალება (ამისათვის საჭიროა დაახლოვებით 4 წმ). დაელოდეთ, სანამ გულმკერდის კედელი მიიღებს საწყის მდებარეობას. თუ გულმკერდის კედელი არ მოძრაობს, ე.ი. ჰაერის ნაკადის მოძრაობას ფილტვებისკენ რაღაცა უშლის ხელს და სასუნთქი გზები დახშულია, შეცვალეთ დაზარალებულის თავის მდებარეობა, რათა გამორიცხოთ სასუნთქი გზების ენით დახშობა. ჩაბერეთ მეორედ, თუ გულმკერდის კედლის მოძრაობა კვლავ არ არის, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური;
  • თუ გულმკერდის კედელი მოძრაობს, ე.ი. სასუნთქი გზები გამავალია, და ე.ი. ჟანგბადი, რომელიც თქვენ ჩაბერეთ, დაზარალებულის სასუნთქ გზების გავლით ჩავიდა ფილტვებში;
  • მაგრამ გადაიტანს თუ არა სისხლი ამ ჟანგბადს სხეულის სხვადასხვა ნაწილებში? მუშაობს თუ არა გული? ამის დასადგენად თქვენ უნდა გადახვიდეთ შემდეგ საფეხურზე – ცირკულაციის ნიშნების შემოწმებაზე: ცირკულაციის ნიშნებია: სუნთქვა, ხველება და მოძრაობა. შემოწმება ხდება 10 წამის განმავლობაში;
  • თუ ცირკულაციის ნიშნები არის, ჩაატარეთ ხელოვნური სუნთქვა:
“პირით პირში” ხელოვნური სუნთქვის ჩატარების ტექნიკა

– ჩაბერეთ დაზარალებულს პირში 5 წამში ერთხელ. ყოველი ჩაბერვის შემდეგ მოაშორეთ ტუჩები დაზარალებულის პირს და შემდეგ ჩაბერვამდე დაელოდეთ გულმკერდის კედელი დაუბრუნდეს საწყის მდებარეობას;

– ყოველი 10 ჩაბერვის  შემდეგ კვლავ გადაამოწმეთ სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები;

  • თუ  ცირკულაციის ნიშნები არ არის, ეს ნიშნავს რომ გული გაჩერებულია და თქვენ სწრაფად უნდა დაიწყოთგულის არაპირდაპირი მასაჟი:
გულის არაპირდაპირი მასაჟის შესრულების ტექნიკა:

– დადექით მუხლებზე დაზარალებულის გულმკერდის გასწვრივ. მოძებნეთ  დაზარალებულის დვრილებისშემაერთებელი ხაზ შუა წერტილი, ამ წერტილის ქვევით ვათავსებთ ერთ ხელს, ისე, რომ მკერდის ძვალზე იდოს მხოლოდ მტევნის უკანა ნაწილი;

ეს არის ის ადგილი, რომელზეც თქვენ უნდა   მოახდინოთ ზეწოლა;

– დაადეთ მტევანი ზემოდან მეორე ხელს, შეჭიდეთ თითები და ასწიეთ ზემოთ ისე, რომ მკერდის ძვალზე იდოს მხოლოდ მტევნის უკანა ნაწილი;

–  გაშალეთ ხელები იდაყვის სახსარში ისე, რომ თქვენს ხელებსა და გულმკერდის წინა კედელს შორის იყოს სწორი კუთხე. მოახდინეთ ზეწოლა მკერდის ძვალზე ისე, რომ ზეწოლის სიღრმე არ აღემატებოდეს 4-5 სმ-ს. ზეწოლის შემდეგ ხელების მოუშორებლად მიეცით მკერდის ძვალს საწყის მდებარეობაში დაბრუნების საშუალება. ზეწოლისას ითვალეთ: “ერთი, ორი, სამი, ოთხი 15-მდე” ისე რომ 1 წუთში გამოვიდეს 100 ზეწოლა მკერდის ძვალზე.

თუ თქვენ მარტო ხართ:

მოახდინეთ 15 ზეწოლა. ამის შემდეგ თქვენ უნდა დაიწყოთ ხელოვნური სუნთქვა. ამისათვის გახსენით სასუნთქი გზები და გააკეთოთ 2 ჩაბერვა. გააგრძელეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია შეფარდებით 15 ზეწოლა მკერდის ძვალზე/ 2 ჩაბერვა, სანამ:

  • არ აღდგება სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები;
  • არ მოვა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან დამხმარე, რომელმაც იცის გულ-ფილტვის რეანიმაციის ტექნიკა;
  • ფიზიკურად არ გადაიღლებით.

ყოველ 1 წუთში ანუ 4 ციკლის ჩატარების შემდეგ თქვენ უნდა შეწყვიტოთ გულ-ფილტვის რეანიმაცია და გადაამოწმოთ სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები;

 თუ თქვენ გყავთ დამხმარე:

ერთ-ერთი აკეთებს გულის არაპირდაპირ მასაჟს, ხოლო მეორე ხელოვნურ სუნთქვას. ამ შემთხევვაშიც გულ-ფილტვის რეანიმაცია ტარდება შეფარდებით: 15 ზეწოლა მკერდის ძვალზე / 2 ჩაბერვა. ასეთ შემთხვევაშიც 1 წუთის შემდეგ შეწყვიტეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია ცირკულაციის ნიშნებისა და სუნთქვის შემოწმების მიზნით.

 გულის არაპირდაპირი მასაჟის ეფექტურობა.

ამ მანიპულაციის შესრულებისას თქვენ ახდენთ ზეწოლას მკერდის ძვალზე, მკერდის ძვლის უკან მოთავსებულია გული. ზეწოლის შედეგად სისხლი იწყებს გადასვლას გულიდან სისხლძარღვებში. ზეწოლის მოხსნისას მკერდის ძვალი უბრუნდება თავის საწყის მდებარეობას და გული კვლავ ივსება სისხლით.

 ხელოვნური სუნთქვის ეფექტურობა.

ჩასუნთქვის დროს სასუნთქ გზებში ხვდება ჰაერი, რომელიც შეიცავს 20-21% ჟანგბადს. ამოსუნთქულ ჰაერში ჟანგბადის რაოდენობა მცირდება 15-16%-მდე. ამიტომ ხელოვნური სუნთქვის ჩატარების დროს, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის ფილტვებში ჩადის თქვენს მიერ ამოსუნთქული ჰაერი, მასში საკმარისი რაოდენობით არის ჟანგბადი.

 გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის გამოძახება.

მაშინ როდესაც გული და სუნთქვა გაჩერებულია, ძალიან მნიშვნელოვანია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დროული გამოძახება:

  • თუ გყავთ დამხმარე – დროულად გააგზავნეთ ის სამედიცინო სამსახურის გამოსაძახებლად;
  • თუ ხართ მარტო – სუნთქვის და გულის გაჩერება განპირობებულია ტრავმით ან წყალში დახრჩობით, თუ დაზარალებული ბავშვია, ჩაატარეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია 1 წთ-ის განმავლობაში, შემდეგ გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური, დაბრუნდით დაზარალებულთან და გააგრძელეთ პირველი დახმარების აღმოჩენა;
  • თუ ხართ მარტო – დაზარალებული მოზრდილია, ტრავმა და წყალში დახრჩობა გამორიცხულია, გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური დაუყოვნებლივ, შემდეგ დაბრუნდით დაზარალებულთან და გააგრძელეთ პირველი დახმარების აღმოჩენა.

 გავაგრძელებ სხვა მნიშვნელოვან სამედიცინო საკითხებზე პოსტებს……